„ეს იქნება „ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა“ - მელია ერთიან სიაზე სააკაშვილის შეთავაზებას პასუხობს

პუბლიკა

პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა მელია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის წინადადება, რომლის მიხედვითაც, საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების ერთობა და არჩევნებზე ერთიანი სიით გასვლა აუცილებელია, „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმაა.

ამის შესახებ მელიამ „ფორმულას“ ეთერში ჟურნლაისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა, თუ როგორ აფასებდა სააკაშვილის წინადადებას.

„თუკი ვინმეს ესმის ერთობის მნიშვნელობა და სხვადასხვა ტიპის ერთობის ჩამოყალიბებაში რაიმე მონაწილეობა მიგვიღია, ამ ადამიანების დიდი ნაწილი პარტია „ახალშია“. ვფიქრობ ჩვენ არათუ ვიზიარებთ მსგავს იდეებს, არამედ პრაქტიკაში განგვიხორციელებია. რაც შეეხება სააკაშვილს, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, მე ვფიქრობ ჩემი მხრიდან საუბარი ნაციონალურ მოძრაობაზე, მერაბიშვილზე, სააკაშვილზე კეზერაშვილზე, ახლა ამ კონტექსტში არის აბსოლუტურად უადგილო.

მე ვფიქრობ რომ მათ აქვთ პარტია, რომელსაც არავითარ შემთხვევაში ბარიერის გადალახვის პრობლემა არ ექნებათ და ასე ელექტორალური ერთობა რიტორიკულად შეიძლება მიმზიდველად ჟღერდეს, მაგრამ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაც, მათ შორის,  საპირისპიროს მეტყველებს. არ შეიძლება ყველა ოპოზიციური პარტია, ჩემი შეფასება ასეთია, როგორც სუბიექტი ერთი საარჩევნო ნომრის ქვეშ ასპარეზობდეს. მე მჯერა რომ ეს იქნება „ქართული ოცნების“ წისქვილზე წყლის დასხმა. სხვა საკითხია რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შექმნა, ეს სხვა საკითხია“,- ამბობს ნიკა მელია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც საუბრობს საარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების ერთობის აუცილებლობაზე.

მისი თქმით, ის, როგორც „ცალკე აღებული ადამიანი და რეგიონალური ლიდერი“ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ამ ერთიანობისთვის.