სტუდენტები იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც დღეს რუსული ორგანიზაციების კონფერენცია ჩატარდა

პუბლიკა

სტუდენტები მსვლელობით იმ სასტუმროსთან მივიდნენ, სადაც დღეს, სავარაუდოდ, ФСБ-სთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ კონფერენცია ჩაატარა.

სასტუმრო „ტიფლის პალასის” მიმდებარედ შეკრებილი ახალგაზრდები სკანდირებდნენ „არა რუსეთს”, „არა რუსულ კანონს”. მოგვიანებით, კი შენობას კვერცხები ესროლეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხმაური ის ერთ-ერთი გზაა, რომლითაც ისინი პრორუსულად განწყობილი ადამიანებისთვის დისკომფორტის შექმნას შეეცდებიან.

„ქართულმა ოცნებამ” თუ ჯერ რუსული კანონი დააინიცირა, ამჯერად პირდაპირ რუსები დაგვისვა თბილისის ცენტრში. ჩვენი აქ მოსვლის მიზანი ეს იყო, ჩვენ ვებრძვით რუსულ სიმბოლიკას საქართველოში. 2008 წლის ომგადატანილი ქვეყანა ვართ, ასე რომ ქართველი ვაჟკაცების მიერ დაღვრილ სისხლს არცერთ რუსს არ ვაპატიებთ და მათ შორის, არც გარუსებულ ქართველს, როგორებიც არიან „ქართული ოცნების” წარმომადგენლები”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

ამ წუთებში სტუდენტები მსვლელობით პარლამენტისკენ მიდიან.


კონფერენცია სახელწოდებით – „რუსეთი და მსოფლიო: დიალოგი – 2024. მიზიდულობის ძალები“ დღეს, თბილისში ჩატარდა.

ორგანიზატორების მიხედვით, მასში მონაწილეობას იღებდნენ რუსი და ქართველი ექსპერტები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, კონფერენციის თემა კი იყო „ტრადიციული ღირებულებები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.

НИИРК-ის ვებსაიტის მიხედვით, თბილისში გამართულ კონფერენციას სამი ორგანიზატორი ჰყავდა. თავად რუსული ორგანიზაცია НИИРК და საქართველოში მომუშავე პრორუსული მიმართულების ორგანიზაციები: SIKHA foundation, რომლის ხელმძღვანელიც არის არჩილ სიხარულიძე და ევრაზიის ინსტიტუტი, რომლის ხელმძღვანელიც გულბაათ რცხილაძეა.