კობახიძე: მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ EU-ს მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე რუსულ კანონთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი მიღება აუცილებელია, რათა „საქართველომ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის გზაზე”.

მისი თქმით, „მივიღებთ ამ კანონს და წავიწევთ წინ ევროკავშირის მიმართულებით, გაიხსნება მოლაპარაკებები”. 

ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორებმა არაერთხელ გაიმეორეს, რომ რუსული კანონი საქართველოს გადაიყვანს ევროკავშირის გზიდან და რომ მისი მიღების შემთხვევაში EU-ს საქართველოსთან მოლაპარაკებების პროცესი არ დაიწყება.

მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა რამდენჯერმე თქვა: 

„როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროკავშირისკენ გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, რომ არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს – სურვილს, რომ სრულად ინტეგრირდნენ ევროკავშირში”.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა: 

„მინდა ვთქვა გარკვევით: კანონპროექტი, რომელსაც კენჭს უყრიან პარლამენტში – ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. ეს საპირისპიროა. ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო”.

საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა თქვა: 

„მე და ევროკომისარმა ვარჰეიმ გამოვაქვეყნეთ განცხადება გასულ კვირას, რომელშიც ხაზი გავუსვით, რომ ეს კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან. ევროკომისიამ უნდა წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში ამ მოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ ფაქტით, რომ ეს კანონი კვლავ წარუდგინეს პარლამენტს

ვიმეორებ, ეს [კანონპროექტი] შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა”. 

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრიმა, ანკე ბრუინს სლოტმა განაცხადა: 

„ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შესაძლოა, დააზიანოს საქართველოს გზა ევროკავშირისკენ”.

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა თქვა: 

„მე მხარს ვუჭერ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს: ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებს და საფრთხეს უქმნის მისკენ გზას”.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა: 

„უცხოური გავლენის“ კანონი, რომელმაც საქართველოში დისკუსიები და პროტესტი გამოიწვია, არ შეესაბამება ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას” .


„ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ 82-მა დეპუტატმა და „ევროპელი სოციალისტების“ ერთმა დეპუტატმა 17 აპრილს I მოსმენით მხარი დაუჭირა რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს.

მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკისა.

ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებსა და ადამიანებს.

საქართველოში რუსული კანონის საპარლამენტო მოსმენების პარალელურად ყოველდღე ტარდება საპროტესტო აქციები. 15 და 16 აპრილის ღამეს ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ სპეცრაზმი გამოიყვანა. 16 აპრილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. რამდენიმე მათგანი მოტეხილობებით საავადმყოფოშიც მოათავსეს.

რუსული კანონის მიზანია, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.

რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.

პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.