იურიდიულმა კომიტეტმა რუსულ კანონს III მოსმენით დაუჭირა მხარი, სხდომა ერთ წუთს გაგრძელდა

პუბლიკა

იურიდიულმა კომიტეტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. სხდომა ერთ წუთსა და 6 წამს გაგრძელდა – 09:01:10 საათზე გაიხსნა და 09:02:16-ზე დაიხურა.

რეგლამენტის მიხედვით, მესამე მოსმენაზე მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნებს განიხილავენ. ანრი ოხანაშვილმა დეპუტატებს განუცხადა, რომ მათ დარიგებული ჰქონდათ რედაქტირებული ვერსია, რის შემდეგაც საკითხი კენჭისყრაზე დააყენა და კენჭი უყარა.

დარბაზში არ იმყოფებოდა ოპოზიცია. ისინი აცხადებენ, რომ შესასვლელში პოლიციამ შეაფერხა, რის გამოც სხდომას ვერ მიუსწრეს.

კანონპროექტი მესამე მოსმენით პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. მესამე მოსმენაზე კენჭისყრის შემდეგ კანონპროექტი საბოლოოდ მიღებული იქნება. ამის შემდეგ პარლამენტის მიღებული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

უკვე ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონს ხელს არ მოაწერს და მას ვეტოთი პარლამენტს დაუბრუნებს. ვეტოს დასადებად სალომე ზურაბიშვილს 14 დღე აქვს. პარლამენტში დაბრუნების შემდეგ პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის ვეტოს, რის შემდეგაც ხელახლა უყრის კენჭს კანონპროექტს. ვეტოს დასაძლევად საპარლამენტო უმრავლესობას ხმათა საკმარისი რაოდენობა აქვს.

ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კანონი ხელმოსაწერად კვლავ პრეზიდენტს დაუბრუნდება. თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს, მას ხელს მოაწერს და გამოაქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.