ირაკლი კობახიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გასული თვეების განმავლობაში სხვა უცხოელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებსაც უთხრა უარი შეხვედრაზე.
მისი თქმით, ინფორმაცია აქვს იქიდან გამომდინარე, რომ უწევდა გარკვეული საკითხების შეთანხმება.
ამასთან, როგორც კობახიძე ამბობს, მიზეზი ყველა შემთხვევაში ერთი და იგივეა – „ივანიშვილის დე ფაქტო სანქცირება”.
„უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე: ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის ისედაც არის დე ფაქტო სანქცირებული. მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო და აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში. ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა, რომ შანტაჟის ქვეშ ვერანაირ შეხვედრას ვერ გამართავს. როგორც კი დასრულდება შანტაჟი და დე ფაქტო სანქციები, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს. შანტაჟი და მუქარები, როგორც აქამდე არ ჭრიდა, ისე ახლა ვერ გაჭრის”. – თქვა ირაკლი კობახიძემ.