CNN: აშშ-მ უკრაინას ხარკოვთან, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენების უფლება მისცა

პუბლიკა

CNN-ის ცნობით, ბაიდენმა უკრაინას, ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ მედია ორ ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„პრეზიდენტმა ახლახან უბრძანა თავის გუნდს, უზრუნველყოს, რომ უკრაინამ შეძლოს, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკოვში კონტრშეტევის მიზნებისთვის, რათა უკრაინამ შეძლოს და უპასუხოს რუსეთის ძალებს, რომლებიც მათ ურტყამენ ან ემზადებიან დარტყმისთვის”, – უთხრა CNN-ს ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ოფიციალური პირის ცნობით, უფლება ვრცელდება მხოლოდ ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე და უკრაინას ამის მიღმა ნებართვა არ მოუთხოვია. ასევე, მან აღნიშნა, რომ ისინი არ ელოდებიან აშშ-ის მიერ დაშვებული ტერიტორიის გაფართოებას.

გუშინ, 30 მაისს, ამის შესახებ POLITICO-მ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია. აშშ-ის სახელმწიფო მოხელემ გამოცემასთან აღნიშნა, რომ უკრაინას კვლავ არ ეძლევა უფლება რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იერიშები მიიტანოს.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინამ აშშ-ს მაისის დასაწყისში მიმართა თხოვნით, ამერიკული იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების საშუალება მიეღო, რათა ხარკოვთან რუსეთის თავდასხმა მოეგერიებინა.

მანამდე, დანიამ და ბელგიამ უკრაინას მათ მიერ მიცემული F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.