Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ხარკოვის სასაზღვრო რეგიონში, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენოს გერმანული იარაღი რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმებისგან თავის დასაცავად.
გერმანიის მთავრობის სპიკერის თქმით, მათ მოკავშირეებთან ერთად განიხილეს რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმა ხარკოვის რეგიონზე.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გარანტირებული. ამისთვის მას შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი” – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს. მისი თქმით, ვიდრე უკრაინა პატივს სცემს იარაღის მომწოდებელი ქვეყნების, მათ შორის, აშშ-ს პირობებსა და საერთაშორისო სამართალს, მას უფლება აქვს, თავი დაიცვას.
ცნობილია, რომ უკრაინას ხარკოვის მახლობლად, რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ მიცემული იარაღის გამოყენების უფლებაც აქვს.
CNN-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ უფლება ვრცელდება მხოლოდ ხარკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე და უკრაინას ამის მიღმა ნებართვა არ მოუთხოვია. ასევე, მან განაცხადა, რომ ისინი არ ელოდებიან აშშ-ის მიერ დაშვებული ტერიტორიის გაფართოებას.
მანამდე კი, დანიამ და ბელგიამ უკრაინას მათ მიერ მიცემული F-16-ების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება მისცა.