კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზით, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი 21 აპრილამდე შეჩერდა.
განათლების სამინისტრომ რეკომენდაციით მიმართა სკოლებს, სასკოლო თემის შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად გამოიყენონ მათთვის ხელმისაწვდომი დისტანციური კომუნიკაციის არხები. ამდენად, სკოლები ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდნენ – შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მოსწავლეების დისტანციურად სწავლება.
რამდენად მზად შეხვდა განათლების სისტემა ონლაინსწავლებაზე გადასვლის საჭიროებას – ერთი მხრივ, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა სასკოლო საზოგადოება – მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და მეორე მხრივ, რა შესაძლებლობები აქვთ სკოლებს არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად?
„შექმნილმა კრიზისმა კარგად დაგვანახა, რომ ციფრული ტექნოლოგიებისა და წიგნიერების განვითარება სერიოზული გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის“, –ამბობს „განათლების კოალიციის“ გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე და რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. მათგან ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ონლაინსწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა – მოსწავლეებისა და მასწავლებლების წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე:
„როგორც ირკვევა, გვაქვს დიდი უთანასწორობა ქალაქებსა და სოფლებს, სხვადასხვა სკოლას შორის, რაც მეტწილად ოჯახების სოციოეკონომიკურ სტატუსს უკავშირდება. მოსწავლეთა 20%-ს არ აქვს ინტერნეტსა და კომპიუტერზე წვდომა, თუმცა არ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, დანარჩენ ნაწილს რა სახის რესურსზე მიუწვდება ხელი. ხშირად ამ მიმართულებით პრობლემები აქვთ თავად პედაგოგებსაც. მით უფრო მაშინ, როცა მოლოდინი გვაქვს, რომ მათ სახლიდან უნდა იმუშაონ.“
კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რომელზეც ირინა ხანთაძე ამახვილებს ყურადღებას, მასწავლებელთა მზადყოფნას უკავშირდება – მათი ციფრული კომპეტენცია ხშირ შემთხვევაში სრულად ვერ პასუხობს ონლაინსწავლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს.
აქვე პრობლემურად განიხილავს ღია საგანმანათლებლო რესურსების სიმწირეს. მისი განმარტებით, ქვეყანაში არ არსებობს კარგად სისტემატიზებული ხარისხიანი სასწავლო მასალის ერთიანი ბაზა, რასაც ემატება მშობელთა მხარდაჭერასა და განათლებაზე მიმართული საგანმანათლებლო რესურსისა და პლატფორმების სიმწირე, ვინაიდან სწორედ ინფორმირებულ მშობელს შეუძლია, სათანადო მხარდაჭერა გაუწიოს ბავშვებს, დაეხმაროს, სულ მცირე, დღის რუტინის დაგეგმვასა და მართვაში.
ირინა ხანთაძე მიიჩნევს, რომ შექმნილმა ვითარებამ ასევე დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, სკოლას ჰქონდეს უფრო მეტი ავტონომიურობა, სასწავლო პროცესის მართვის მაღალი კომპეტენცია, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების სითამამე და უნარი, რათა შეძლოს კრიზისულ ვითარებაში საკუთარი საჭიროებების თვითშეფასება, რეაგირება და უფრო სწრაფი ადაპტირება.
„ახლა მთავარია, ვიფიქროთ სწავლა-სწავლების ისეთ ფორმებზე, რომელთა დანერგვაც რეალისტური და საკმარისად გონივრული იქნება, არსებული კონტექსტის პირობებში. ვფიქრობთ, ასეთ მოკლე ვადებშიც კი სახალისო და საინტერესო საშინაო დავალებების გარკვეული ერთიანი ბაზის ფორმირება დაძლევადი ამოცანაა, ხოლო აღნიშნული შინაარსის მოსწავლეებამდე მიტანის და მასწავლებელთან ინტერაქციისა თუ უკუკავშირის მექანიზმები უნდა იყოს მრავალფეროვანი, გამომდინარე ადგილზე არსებული რესურსებიდან და შესაძლებლობებიდან“.
მისი შეფასებით, აუცილებელია მშობელთა ინფორმირებასა და მხარდაჭერაზე მიმართული აქტიური და ეფექტიანი კამპანია. ამ საქმეში კი უნდა ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საზოგადოებრივი ჯგუფები თუ ორგანიზაციები. ასევე, მნიშვნელოვანია, დროულად დაიწყოს სერიოზული მუშაობა ღია სასწავლო საგანმანათლებლო რესურსების ბაზის განვითარებაზე. ვინაიდან მოკლე ვადებში ამის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ირინა ხანთაძე პირველ ეტაპზე საჭიროდ მიიჩნევს არსებული, გაბნეული რესურსების შეგროვებას. მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით სამინისტრო უკვე დგამს გარკვეულ ნაბიჯებს.
რა გამოწვევების წინაშე დააყენა ონლაინსწავლებამ პედაგოგები და როგორ ართმევენ თავს სირთულეებს?
მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გიორგი ჭაუჭიძე მიიჩნევს, რომ, კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ქვეყანაში შექმნილი საკმაოდ რთული მდგომარეობის კვალდაკვალ ონლაინსწავლებაზე გადასვლა უნდა მოხდეს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველგვარი ემოციური და სოციალურ-კულტურული დაძაბულობის გარეშე. ის მიიჩნევს, რომ განათლების სისტემა ამ სიტუაციას შეხვდა „გონივრულად და მომზადებული.“
„რატომ გონივრულად? მას არ შეუქმნია ცრუ მოლოდინი, რომ ჩვენ მყისიერად და 100 პროცენტით უნდა გადავერთოთ ონლაინსწავლებაზე და დავდოთ საოცარი შედეგი. პირიქით, სამინისტრო გვთავაზობს სხვადასხვა ალტერნატიულ გზას, რათა მოსწავლეებამდე და მათ ოჯახებამდე სხვადასხვა გზითა და მატარებლით მივიტანოთ საგანმანათლებლო რესურსები და დავალებები. ამასთან, აცნობიერებს იმასაც, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საერთოდაც ვერ მივიტანოთ.
რატომ მომზადებულად? გაგიკვირდებათ და, სამინისტროს ჯერ კიდევ შარშან გამზადებული ჰქონდა ისეთი ელექტრონული პლატფორმა თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის, რომელიც დღევანდელი პარამეტრებით იდეალურად იძლევა ონლაინსწავლების მოსინჯვისა და დანერგვის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, მომზადებულები არ ვართ მასწავლებლები და მოსწავლეები, რადგან ამის დანერგვა ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში გვიწევს“, – უთხრა „პუბლიკას“ გიორგი ჭაუჭიძემ.
გიორგი ჭაუჭიძე მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სამინისტრომ დროულად წარმოადგინოს ე. წ. ონლაინსწავლების კონცეფცია, რომელშიც გაწერილი იქნება, თუ რა თავისუფლებებს, უფლებებსა და ვალდებულებებს აკისრებს სკოლასა და მასწავლებელს, მშობელსა და მოსწავლეს.
„მოულოდნელად შეცვლილი ცხოვრების რიტმი ბავშვებისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა და სწორედ ამ წონასწორობის შენარჩუნება მშობლებთან ერთად მასწავლებლის მხარდაჭერით უნდა მოხდეს. დღეს ისე სჭირდებათ მასწავლებლის თანადგომა, მისი გაკვეთილი, როგორც არასდროს“, – ამბობს ეკა წულუკიძე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით გვეუბნება, რომ მაღალმთიანი სკოლების მდგომარეობა მეტად არათანაბარი და არასახარბიელო აღმოჩნდა შექმნილ ვითარებაში, რასაც რამდენიმე პრობლემური საკითხი განაპირობებს – სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის არქონა, ინტერნეტზე წვდომა, პედაგოგთა შეზღუდული ციფრული კომპეტენციები.
„ერთი კლასის ფარგლებში გამოიკვეთა არათანაბარი წვდომა კომპიუტერზე, ინტერნეტზე და მათი ჩართვა ამ პროცესში ვერ ხერხდება. არიან ოჯახები, სადაც რამდენიმე მოსწავლეა, კომპიუტერი კი – ერთი. დაბალსიჩქარიანი ინტერნეტი, რომელიც გაზიარებულია ტელეფონის მეშვეობით, აფერხებს სხვადასხვა რესურსის ეფექტიანად გამოყენებას. არის სოფლები, სადაც ინტერნეტს მიღებაც არ აქვს.
ამ პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე დგას დღეს მთა, ფაქტობრივად, ამ ეტაპისთვის პრობლემის მოგვარების ეფექტიანი გეგმა არც პედაგოგებისთვის და არც მშობლებისთვის არავის შეუთავაზებია. მოტივირებული პედაგოგები თავად ეძებენ საშუალებას, გამონახონ გზა, რომ დაეხმარონ მოსწავლეებს და სხვადასხვა გზით ჩართონ სასწავლო პროცესში“.
ეკა წულუკიძე პირადი პრაქტიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ დისტანციური სწავლება არ არის მარტივი და მოითხოვს პედაგოგის მხრიდან დიდ ძალისხმევას; რთული და შრომატევადი საქმეა.
„ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია. შესაბამისად, ერთ ჯგუფში ონლაინსწავლება უფრო მარტივდება, განსხვავებით ქალაქის სკოლებისგან. მოსწავლეები, ძირითადად, ჩართულები არიან ანდროიდტელეფონებით. რამდენიმე მათგანს აქვს კომპიუტერი, მაგრამ ძალიან ჭირს ინტერნეტკავშირი და ფერხდება მათი სრულად ჩართვა გაკვეთილზე, ამ დროს ვცდილობ, კომუნიკაცია წერილობით გავაგრძელო“.
ეკა წულუკიძე გვიყვება, რომ სანამ სამინისტრო კონკრეტულ პროგრამას Teams შესთავაზებდა პედაგოგებს, ყველა კლასისთვის ფეისბუქჯგუფები შექმნა; მოსწავლეებს ვიდეოზარით უკავშირდებოდა. პარალელურად კი გამოცდილი კოლეგებისგან სწავლობდა one note პროგრამის გამოყენებას და, როგორც ამბობს, ამ პროგრამამ მნიშვნელოვანად გაუადვილა საქმე.
თუმცა, მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ არიან ბავშვები, რომელთა სოფელშიც ინტერნეტი არ იჭერს. ამიტომ ისინი ამ პროცესის მიღმა აღმოჩნდნენ. ამ მოსწავლეებისთვის ეკა წულუკიძე განსხვავებული მეთოდით მუშაობს – აპირებს ერთი კვირის სამეცადინო გეგმა შეუდგინოს და ყოველი გაკვეთილის დავალებები თუ რეკომენდაციები ბეჭდური სახით მიაწოდოს მათ, თანაკლასელებს რომ არ ჩამორჩნენ.
რაც შეეხება კოლეგებს, ამბობს, რომ ანალოგიური სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ მუნიციპალიტეტში სხვა სოფლების სკოლების პედაგოგები და ძალიან ბევრი მისი კოლეგა ეძებს პრობლემის მოგვარების გზებს. მაგალითად, ცდილობენ, საზოგადოებისა თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით მოაგვარონ კომპიუტერების პრობლემა.
„ვეძებ გზებს, რომ, ვისაც არ აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი, დავეხმარო. რამდენიმესთან ეს შევძელი ჩემი და ლიტერატურულ კლუბში არსებული კომპიუტერული რესურსით. ამ ეტაპზე სსიპ მესტიის პროფესიულ კოლეჯ „თეთნულდიდან“ მივიღე შეთავაზება, რომ დამეხმარებოდნენ და გადმომცემდნენ რამდენიმე კომპიუტერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და მაგალითი, თუ როგორ უნდა დაუდგნენ მაღალმთიან საჯარო სკოლებს ორგანიზაციები.“
მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებმა შეიმუშაონ ეფექტიანი სამოქმედო გეგმა და შესთავაზონ პედაგოგებს, რომ მათი ამ პროცესში ჩართულობა მხოლოდ პირადი მოტივაციით არ იყოს უზრუნველყოფილი.
თბილისის 59-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ლელა კოტორაშვილმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ შექმნილმა ვითარებამ დისტანციური სწავლების როგორც უარყოფითი, ასევე ბევრი დადებითი მხარე გამოკვეთა, მაგალითად ის, რომ სკოლა, მასწავლებლები და მშობელი მეტად დააკავშირა ერთმანეთთან.
„თითქოს მშობლების მასწავლებლობაც გიწევს. ვგულისხმობ სწავლების მეთოდებსა თუ სტრატეგიებში მათ გარკვევას. ახლა გაკვეთილზე ბავშვების გარდა, მათი ოჯახის წევრებიც გესწრებიან. ხშირად თბილ და ნდობით სავსე უკუკავშირს ვიღებ მათგან, რაც ძალას მმატებს.
ყველაზე მეტად მიჭირს დავალებების „შესწორება“ – უკუკავშირის მიცემა: სამი შვილი, ოჯახის საქმეები და პარალელურად 60-მდე მოსწავლის დავალების წაკითხვა, პასუხის მიწერა – წარმოუდგენელად რთული აღმოჩნდა. იმდენად, რომ პირველ კვირაში ფიზიკურად დავსუსტდი. დავალებები მოდის განუწყვეტლივ. თან ჩემი პატარა გოგონასთვის ფაფას ვამზადებ და თან პირველკლასელის ხმოვან გზავნილს ვუსმენ, როგორ კითხულობს ქ ასოს. იატაკის ჯოხით მოსიარულე ვიდეოთვალით ვუსმენ 7 წლის გოგოს, უფრო ხშირად კი ვშფოთავ შესასწორებელი დავალებების გამო“, – გვიყვება ლელა კოტორაშვილი.
რას გეგმავს განათლების სამინისტრო
სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელს შეუწყობენ სკოლებს საკუთარი სასწავლო გეგმის მოდიფიცირებაში ისე, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნები იყოს მიღწეული.
ამ მიმართულებით, ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტებთან ერთად სამინისტრომ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელშიც წარმოდგენილია კონკრეტული ინსტრუქციები და აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
რეკომენდაციების თანახმად, სკოლებს ევალებათ, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო შემეცნებითი რესურსების მიწოდება უზრუნველყონ სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით. ასევე, მნიშვნელოვანია, სკოლამ მოსწავლეთა დამოუკიდებელი სწავლების მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზება გაუწიოს მშობელთა ჩართულობასა და კონსულტირებას არდადეგების პერიოდში.
შემუშავებული გეგმის ფარგლებში, ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს ტექნოლოგიების გამოყენებით დისტანციური სწავლების უზრუნველყოფა, TEAMS-ის პროგრამის მეშვეობით, რაც გულისხმობს დისტანციური სწავლების პროცესში Microsoft office 365-ის პროდუქტების გამოყენებას.
ერთ-ერთი ბოლო სიახლეა ისიც, რომ განათლების სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობით იწყებს საგანმანათლებლო პროექტს – „ტელესკოლა“. „ტელესკოლა“ საქართველოს მეორე არხის ეთერში 30 მარტიდან გავა. პროექტი ითვალისწინებს სკოლის მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს. „ტელესკოლა“ დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ფორმატი იქნება, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას მისცემს, ნახოს/დაესწროს საინტერესო გაკვეთილებს ყველა საგანში.
საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. პროექტი აბიტურიენტის საათსაც ითვალისწინებს, რომელზეც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის გაუწევენ კონსულტაციას.