ეუთოს დეკლარაციითა და რეზოლუციებით დაგმობილია რუსული კანონი, ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი 

პუბლიკა

ეუთომ 31-ე საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღო დეკლარაცია, რომელიც მოიცავს რეზოლუციებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. 86-გვერდიანი დოკუმენტი მოიცავს სხვადასხვა რეზოლუციას და ქვეთავებს, სადაც, მათ შორის, საქართველოც არის ნახსენები და დაგმობილია როგორც რუსული კანონი, ისე – რუსული ოკუპაცია და ჰიბრიდული ომი. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა შედგება 56 ქვეყნის 323 პარლამენტარისგან. ასამბლეის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტში წერია: 

„ეუთო გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას კრემლის მიერ მხარდაჭერილ და თანმიმდევრულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, ძირი გამოუთხაროს საქართველოს მყიფე დემოკრატიას და ჩამოშალოს საქართველოს მოსახლეობის ევროატლანტიკური არჩევანი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ანტიდემოკრატიული კანონმდებლობისა და პოლიტიკის ამოქმედებით, რაც გამოიხატება, მაგრამ არ შემოიფარგლება „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ” რუსული კანონის მიღებით.

ეს კანონი ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს და არაპროპორციულად შეზღუდავს ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება. ეუთო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს თავდასხმები სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, აქტივისტებზე და კანონიერ მომიტინგეებზე, რაც არის გაფართოებული რუსული ჰიბრიდული ოპერაციის ყველა დამახასიათებელი ნიშანი, და ეძებოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან დაახლოების გზები ქვეყანაში პოლარიზაციის შესამცირებლად. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის ფედერაციის ძალადობრივ იმპერიულ და კოლონიალურ ხასიათს, რომელიც აშკარად ვლინდება უკრაინის წინააღმდეგ მის გენოციდურ ომში, ბელორუსის რბილ ანექსიასა და აგრესიაში მოლდოვის რესპუბლიკის წინააღმდეგ. ისევე, როგორც ქართველი და სომეხი ხალხის მიერ გაკეთებულ სუვერენიტეტსა და დემოკრატიულ არჩევანზე თავდასხმებში. 

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს მისი წევრი ქვეყნების პარლამენტებს, გაიღონ ძალისხმევა თავიანთ ქვეყნებში, რათა კრიტიკულად განიხილონ რუსეთის ფედერაციის შიდა რეპრესიები და გარე აგრესია, როგორც კრემლის იმპერიული მემკვიდრეობისა და კოლონიური პოლიტიკის გამოხატულება; 

იმეორებს მოწოდებას რუსეთის სამხედრო ძალების დაუყონებლივ და უპირობო გაყვანის შესახებ ოკუპირებული საქართველოს რეგიონებიდან: აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად;

ხაზს უსვამს აქტიური ჩართულობის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მისაღწევად, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში;

დიდი შეშფოთებით უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის „უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ” კანონის და სხვა პოლიტიკის ზომებისა და კანონმდებლობის მიღებას, რომლებიც ფაქტობრივად ძირს უთხრის დემოკრატიას, ახშობს დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ახდენს რეპრესიული სამთავრობო აპარატის რეგულირებას და მიზანმიმართულად აუქმებს საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობას, პატივი სცეს ქართველი ხალხის მკაფიო და თანმიმდევრული ნებას, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და დაიცვას ჰელსინკის საბოლოო აქტი და ეუთოს სხვა ვალდებულებები.

მოუწოდებს ეუთოს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისს (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას, ერთობლივად იმოქმედონ 2024 წლის ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე ძლიერი სადამკვირვებლო მისიის შესაქმნელად, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს პოტენციური ძალადობის ან ანტიდემოკრატიული ტენდენციების იდენტიფიცირებაზე, რაც შეიძლება მოხდეს არჩევნების დღემდე და რაც ძირს უთხრის ხმის მიცემის დემოკრატიულ მთლიანობას;

დამატებით გმობს რუსეთის ფედერაციის აგრესიის ფართო კამპანიას, რაც დასტურდება ბელორუსის რბილი ანექსიით, მოლდოვის რესპუბლიკის დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე არალეგალური გარნიზონის განლაგებით, საქართველოს ტერიტორიის სამხედრო ოკუპაციის გაგრძელებით, ქართველი ხალხის დემოკრატიულ და პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე თავდასხმებთან ერთად. ასევე, გმობს დეზინფორმაციისა და მავნე ქმედებების უფრო ფართო კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს უთანხმოების დათესვას და მშვიდობისა და დემოკრატიული პროცესების დესტაბილიზაციას ეუთოს სივრცეში. 

მიუთითებს, რომ რუსეთის ფედერაციის აგრესიის კამპანია ეუთოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ძირითადად ფოკუსირებულია იმ ქვეყნებზე, რომლებსაც არ გააჩნიათ სანდო და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები, რომლითაც შეუძლიათ, შეაჩერონ ან დაამარცხონ რუსული სამხედრო საფრთხეები. ამაში პრინციპულად არის უკრაინა, ასევე მოლდოვის რესპუბლიკა და საქართველო. 

მოუწოდებს ეუთოს და მის მონაწილე სახელმწიფოებს, გადახედონ უსაფრთხოების არქიტექტურას ყოვლისმომცველი ლინზიდან, რათა მხარი დაუჭირონ სახელმწიფოებს, რომლებსაც აქვთ ჰელსინკის დასკვნით აქტში გათვალისწინებული უსაფრთხოებისა და დაცვის უფლება, მაგრამ არ გააჩნიათ უსაფრთხოების გარანტიები მათი სრულად აღსრულებისთვის. მათ შორის, ძირითადად უკრაინაში, მაგრამ ასევე პოტენციურად სხვა „ნაცრისფერი ზონის“ ქვეყნებში, როგორიცაა მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო და სომხეთი”.