2008 წლის აგვისტოს და აფხაზეთის ომების ვეტერანი, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გელა კახაბრიშვილი სუს-მა ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოკითხა.
გამოკითხვის შემდეგ როგორც კახაბრიშვილმა, ისე ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ კითხვები ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებას ეხებოდა.
„კონტუზია მაქვს მიღებული, ჩამოვედი, რომ გამოვჯანმრთელდე და ტერორისტულ აქტს და რაღაცებს მაბრალებენ”. – თქვა გელა კახაბრიშვილმა.
„კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ქართაული ოცნების“ მაღალ ეშელონებს. იყო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება. ეკითხებიან ადამიანს, რადგანაც შენ ხარ მებრძოლი, უკრაინაში ხომ არ აპირებ ამ ტერორისტულ აქტებში და სახელმწიფო გადატრიალებაში მონაწილეობის მიღებასო”. – თქვა მიხეილ რამიშვილმა.
მისვე თქმით, გამოკითხვის პროცესში ახსენეს საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები და იკითხეს, რა შეხება აქვთ მათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მბრძოლ ქართველებთან. რამიშვილმა თქვა, რომ ამ კონტექსტში ახსენეს „ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.
„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება. მტკიცებულებები რომ არსებობდეს და ამდაგვარი ქმედებით ადამიანის სიცოცხლის საფრთხე რომ არსებობდეს, მაგალითად, მე პირადად, უკვე დასრულებული მექნებოდა, ანუ არათუ მოწმედ დავკითხავდი, უკვე ყველას ბრალს წავუყენებდი”. – თქვა მიხეილ რამიშვილმა.
იმავე საქმეზე სუს-მა უკვე გამოკითხა ან გამოკითხვაზე დაიბარა უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ომის ვეტერანები: ნადიმ ხმალაძე, ვაჟა ცაცაძე, ლაშა ჭიღლაძე, ბესო ბენდელიანი და კონსტანტინე ჯღამაია.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმეზე დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია.