შუქრუთის პროტესტის მონაწილეებს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა

პუბლიკა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.

ადვოკატის, ლადო ქუთათელაძის თქმით, პოლიციაში ყოფნისას გადასცეს საქმის მასალები, თუმცა ჯერ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ შეუსწავლია. მისივე ინფორმაციით, წინასასამართლო პროცესი ხვალ საჩხერის სასამართლოში ჩაინიშნა.

რაც შეეხება პროკურატურის მხრიდან შუამდგომლობის დაყენებას, „პუბლიკასთან” საუბრისას ადვოკატი ამბობს, რომ როგორც პოლიციაში განუმარტეს ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის და „სავარაუდოდ განიხილავენ გირაოსაც”.

პროტესტის მონაწილეები უკვე 141-ე დღეა სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ. მათი თქმით, სოფელში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მრავალწლიანი სამუშაოების შედეგად, ადგილობრივებს დაენგრათ და დაებზარათ სახლები, რის გამოც ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ისინი კომპანიისგან ზარალის შეფასებასა და მის სრულ ანაზღაურებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეებს გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება. კერძოდ, პროკურატურამ მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით წაუყენა, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხებასთან, აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობასთან.

დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 180 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

აქციის მონაწილე, გიორგი ნეფარიძე „პუბლიკასთან” საუბარში ამბობს, რომ პოლიციიდან მას და მის ორ თანასოფლელს გუშინ, 30 ივლისს დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ნეფარიძის თქმით, სისხლის სამართლებრივი დევნა უკავშირდება 20 ივლისს მომხდარ ინციდენტს, როდესაც კომპანიის წარმომადგენლები, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად კოროხნალის მაღაროს შესასვლელთან მივიდნენ და „ცდილობდნენ პროვოკაციული გზით მუშა პროცესის აღდგენას“.

მისივე ინფორმაციით, მაღაროები, პროტესტის გამო, მარტიდან გაჩერებულია და ძალის გამოყენებით მისი აღდგენის მცდელობა კომპანიის წარმომადგენლებს ორჯერ – მარტში და ივლისში ჰქონდა.

„საუბარია 20 ივლისის ინციდენტზე – 20 ივლისს მოვიდნენ კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, სუსის თანამშრომლები. უსაფრთხოების ხელმძღვანელი ზურაბ ყანჩაველი ორ მოადგილესთან ერთად ხელმძღვანელობდა ოპერაციას. პროტესტის 129-ე დღეს გაჩერებული მაღაროების ამუშავება ძალის გამოყენებით უნდოდა.

ძალადობდნენ. რამდენიმე ქალზე ძალა გამოიყენეს, სასწრაფოს გამოძახება გახდა საჭირო. ძალას იყენებდნენ სუსის და კომპანიის წარმომადგენლები. სხვა არავინ არ ძალადობდა.

შიგნით შეცვივდნენ დახურული მაღაროს ტერიტორიაზე. რამდენიმე ადამიანი ცდილობდა კარების ჩამოგდებას, ამ დროს ჩვენ შესასვლელ კართან ვიდექით. ცდილობდნენ პროვოკაციული გზით მუშა პროცესის აღდგენას. პოლიცია უყურებდა და რეაგირება არ ჰქონდა.

ორჯერ სცადეს მუშა პროცესის აღდგენა, პირველად პროტესტის მე-4 დღეს ამოცვივდნენ, შეცვივდნენ დახურული მაღაროს ტერიტორიაზე და ჩართეს ვენტილაცია, რომელიც არაფერს ემსახურება, გაუსაძლისი ხმა აქვს. როცა აფეთქებები მიმდინარეობს, ამ ვენტილაციას გამოაქვს დაბინძურებული ჰაერი გარეთ და იფანტება სოფლის ტერიტორიაზე. არაერთი ადამიანი სიმსივნით არის დაავადებული.

მარტში, პროტესტის მე-4 დღეს, პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე, ლადო პაპიძე გვაგინებდა დედას აქ მდგომ ადამიანებს – მე გაჩვენებთ ამ ქალაქში ვინ არის ძველი ბიჭი და ვინ არიან მაგარი ბიჭებიო. ჩვენ ვართ ძველი ბიჭები, კანონის დამცველებიც და კანონის დამრღვევებიცო. დავრეკეთ 126-ში (გენერალური ინსპექცია), რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია”, – აცხადებს ნეფარიძე.


შუქრუთის პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ იმ პირობების შესრულებას, რომლებიც 2021 წელს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მიიღეს. საუბარია ზარალის ანაზღაურებაზე, რომელიც სოფელს კომპანიის საქმიანობის შედეგად მიადგა.

2021 წელს შუქრუთის მცხოვრებლები ამბობდნენ, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში ცხოვრება შეუძლებელი გახდა – დაინგრა სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები. პროტესტის მონაწილეებმა მაშინ პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართეს იმ მოთხოვნით, რომ „ჯორჯიან მანგანეზს“ აენაზღაურებინა შუქრუთის მოსახლეობის ზარალი.

2021 წლის 10 ივნისს კომპანია ამტკიცებდა, რომ შეთანხმება მათსა და მოსახლეობას შორის შედგა. „ჯორჯიან მანგანეზმა“ მაშინ განაცხადა, რომ ზიანის შესაფასებლად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურად მიმართა. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათ ზარალს შეაფასებდა. ასევე, ბიურო შეაფასებდა დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მომზადებული დასკვნის სისწორეს და ქონების საბაზრო ღირებულებას.

შუქრუთის მოსახლეობა ამბობს, რომ დაპირებები არ შესრულებულა. 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები კიდევ გაიფიცნენ. მათი თქმით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. მოსახლეობა ამბობს იმას, რომ კომპანიას არამც თუ აუნაზღაურებია რაიმე ზარალი, არამედ არც კი მიუღიათ პასუხი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან.