ივანიშვილი: კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება

პუბლიკა

„საქართველოს კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც ქართული თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება”, ამის შესახებ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე ხაზი გაესმება მართლმადიდებლობის განსაკუთრებულ როლს და საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას.

„მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და გვინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არჩევნების შემდეგ განახორციელებს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ისტორიულად ამაყობს, ერთი მხრივ, რელიგიური ტოლერანტობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციით და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობით, რომელიც, მამულთან და ენასთან ერთად, ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე, რისი მიზანიც სწორედ საქართველოს იდენტობის შერყევაა. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 1995 წლიდან მოქმედი კონსტიტუციური ჩანაწერი რელიგიისა და ეკლესიის შესახებ სათანადოდ არ ასახავს იმ როლს, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ცხოვრებაში ასრულებს.

იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება. აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში.

რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ეკლესიას, უწმინდესსა და უნეტარესს, მღვდელმთავრებს ჩვენი ინიციატივის მხარდაჭერისთვის, ისევე, როგორც, საზოგადოდ, იმ წვლილისთვის, რომელიც მათ საქართველოს თვითმყოფადობის დაცვასა და შენარჩუნებაში შეაქვთ“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა, მათ შორის, ყურადღება ისევ გაამახვილა „ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებაზე.

„პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო!” – გაიმეორა „ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ.

„ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ეს ძალა და მისთვის დავალების მიმცემები საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენენ! დარწმუნებული ვარ, კრიტიკული აზროვნებით გამორჩეული გურულები ამას თავადაც კარგად ხედავთ. დამეთანხმებით, რომ მუდმივად რევოლუციების მოწყობისა და ქვეყნის არევის მცდელობის რეჟიმში ცხოვრება ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას აფერხებს.

ამიტომაც, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს  რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში. და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მოღალატეობრივი ქმედებების გამო! სხვაგვარად შეუძლებელია!“, – თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ „საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა“.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავჭრათ პრობლემა, რომელიც, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის სახით, უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რწმენისა და შვილების მომავალს. საქართველოში ვერავინ უნდა დააყენოს ეჭვქვეშ ქართველი დედის დედობა და ქართველი მამის მამობა. ვეღარავინ უნდა ბედავდეს ცხოვრების გაუკუღმართებული წესის პროპაგანდას, რაც დღეს უკონტროლოდ მოედინება რადიკალური ჯგუფების მიერ მართული მედიიდან.

გასულმა წლებმა დაადასტურა, რომ მე და ჩემი გუნდი ვართ გარანტი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ არ დავუშვებთ, რომ აგრესიულმა უმცირესობამ თუნდაც ვერბალურად იძალადოს ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობაზე“, – თქვა ივანიშვილმა.