პაპუაშვილი წარწერას „არ შეეგუო ოკუპაციას" „EU-ის დაფინანსებული პირის ვანდალიზმს" უწოდებს

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის კედელზე გაკეთებულ წარწერას „არ შეეგუო ოკუპაციას” „ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანის ვანდალიზმს” უწოდებს.

პარლამენტის შენობის კედელზე რამდენიმე დღის წინ გაჩნდა წარწერა: „არ შეეგუო ოკუპაციას”, „მადლობა შეფიცულ ძმებს, 1924-2024″ და ქაქუცა ჩოლოყაშვილის სტენსილი.

100 წლის წინ, 1924 წლის 28 აგვისტოს საქართველოში საბჭოთა ოკუპაციური რეჟიმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლა დაიწყო, რომელმაც თითქმის მთელი საქართველო მოიცვა. პროტესტში მონაწილეობა მიიღო ყველა ფენის წარმომადგენელმა ქართველობამ მთელი ქვეყნიდან. აჯანყება დამარცხდა, საბჭოთა საოკუპაციო სისტემამ სისხლში ჩაახშო იგი. უცნობია ზუსტი რიცხვი, თუმცა სავარაუდოა, რომ ბოლშევიკების მიერ დახვრეტილთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს.

სტენსილი, სავარაუდოდ, სწორედ ამ მოვლენას მიეძღვნა.

მმართველ პარტიას აჯანყების 100 წლის თავთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს.

თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოკუპაციის საწინაარმდეგო წარწერას და მას „ვანდალიზმი” უწოდა, რომელიც „ევროკავშირიდან დაფინანსებულმა „სირცხვილიას” აქტივისტმა ჩაიდინა”.

მისივე თქმით, სტენსილს „კეთილსინდისიერი დონორი თავისი ხელით გაწმენდდა”.

„ეს “საგმირო” საქმე, რომლითაც ევროკავშირიდან დაფინანსებულმა “სირცხვილიას” აქტივისტმა, ფაქტობრივად, იქვე, რუსთაველზე, სასტიკად დაამარცხა რუსული ოკუპაცია, მალევე აიტაცა ასევე ევროკავშირიდან დაფინანსებულმა ონლაინმედიამ და აი, უკვე მერამდენედ, ერთად იზეიმეს ეს ისტორიული გამარჯვება ვირტუალური საქართველოს უკიდეგანო სივრცეში.

რა თქმა უნდა, არავინ უთხრა ქართველ ხალხს, რომ ახლა, ევროკავშირის ფულით დაფინანსებული ადამიანის ვანდალიზმი, ქართველი ხალხის ფულით უნდა გაწმენდილიყო ქართველი ხალხის პარლამენტის შენობიდან, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ენჯეოების მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორების თანხები დონორებს ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვთ.

ევროპაში, რომელიც ზოგს მხოლოდ თავისთვის უნდა, ამას ვანდალიზმი ჰქვია. ამ ვანდალიზმის მიზეზი კი ის წაყრუებაა, რომელიც, “სირცხვილიას” ძალადობაზე და ტერორზე, მისი ევროპელი და ამერიკელი დონორებისგან უკვე წლებია გრძელდება.

სირცხვილიას” შემთხვევაში ეს ყველაფერი უკვე წლებია, ხდება. ხდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებით და ევროპელი პოლიტიკოსების და ბიუროკრატების ჩართულობით. თუმცა, არც ევროპელ პოლიტიკოსებს და არც ბიუროკრატებს არ უნდათ ამაზე პასუხისმგებლობის აღება.

[…]

ამიტომ, არც ამ წაყრუებით წახალისებულ ვანდალიზმზე იგრძნობს ვინმე პასუხისმგებლობას.

არადა, წესით, კეთილსინდისიერი დონორი მოვიდოდა და თავისი ხელით გაწმენდდა პარლამენტის კედელს. თუმცა, ამას ევროპელობა სჭირდება. ისეთი, როგორიც ქართველები ვართ”. – დაწერა შალვა პაპუაშვილმა.

სტენსილის ავტორები ლექსო სამხარაძე და დავით ტატიაშვილი არიან. ლექსო სამხარაძემ ამის შესახებ თავადვე განაცხადა.

მისივე თქმით, მოძრაობა „სირცხვილიასთან” მას რამდენიმე წელია, კავშირი არ აქვს, ხოლო ტატიაშვილს – არც არასდროს ჰქონია.

პარლამენტის შენობაზე ანტისაოკუპაციო სტენსილის გაკეთების გამო თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ლექსო სამხარაძე 1000 ლარით, ხოლო დავით ტატიაშვილი – 2000 ლარით დააჯარიმა.

აქვე შეგახსენებთ, რომ 30 აგვისტოს მოძრაობა „სირცხვილიამ” განაცხადა, რომ რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებას აპირებდა, 31 აგვისტოს კი, საზოგადოების მხრიდან უარყოფითი გამოხმაურების შემდეგ, გადაწყვეტილების შეცვლის შესახებ განაცხადა.