პროტოპრესვიტერი: შევთანხმდით ჩანაწერზე, რომ მართლმადიდებლობა სახელმწიფოების საყრდენია

პუბლიკა

პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე „ფორმულასთან” ამბობს, რომ ეკლესია ხელისუფლებას შეუთანხმდა, საქართველოს კონსტიტუციას დაემატოს ჩანაწერი, რომ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ქართული სახელმწიფოების საყრდენი”.

ზვიადაძის განცხადებით, კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები და შესაძლოა, სიტყვა „საყრდენი” „განმსაზღვრელით” ან „საფუძვლით” ჩანაცვლდეს.

თუმცა, როგორც პროტოპრესვიტერი ამბობს, რომ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის არის თანხმობა, კონსტიტუციაში აისახოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი.

ცვლოლება ქვეყნის მთავარი დოკუმენტის მე-8 მუხლში უნდა შევიდეს, რომლითაც სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა რეგულირდება.

ის, რომ „კონსტიტუციაში, მართლმადიდებლობის, როგორც თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება” გუშინ, 31 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმაც თქვა.

პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის თქმით, შეხვედრა, სადაც ამაზე შეთანხმება შედგა, 30 აგვისტოს გაიმართა. ხელისუფლების მხრიდან მას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, საპატრიარქოს მხრიდან თავად გიორგი ზვიადაძე, პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირი, მთავარეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, პატრიარქის მდივანი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე.

ზვიადაძემ „ფორმულასთან” თქვა, რომ შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ შესთავაზა მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

ის ეპისკოპოსები და სხვა სასულიერო პირები, ვინც ამ საკითხზე მედიასთან კომენტარი გააკეთა, ამბობდნენ, რომ ეს ეკლესიის სახელმწიფოსთვის დაქვემდებარებას ნიშნავს, რაც მიუღებელია.

„პრემიერი ფიქრობდა, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან.

მაგრამ, მიუხედავად ამგვარი, რა თქმა უნდა, პატივისცემით, დამოკიდებულებისა პრემიერ-მინისტრის და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მცდელობა იყო იმის, რომ ეს ყოფილიყო – საქართველოს ეკლესიისთვის თუ იქნებოდა ეს მისაღები, ისეთი ჩანაწერი გაკეთებულიყო, რაც უზრუნველყოფდა საქართველოს მართმადებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას”. – თქვა გიორგი ზვიადაძემ.

მისივე თქმით, ეკლესიის ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმება ძალაში უნდა დარჩეს.

„ეს საკითხი არანაირად არ განიხილება. ეს არის უნიკალური მოდელი, რომელზეც ეკლესია წლების განმავლობაში მუშაობდა.

თუმცა, ეკლესია ასევე გამოხატავს პრინციპულ თანხმობას იმასთან დაკავშირებით, რომ [იყოს] ჩანაწერი, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება არის ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი, შეიძლება გამსაზღვლელი ან საფუძველი – ალბათ შერჩეული იქნება ყველაზე საუკეთესო ტერმინი იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფრო მეტად გამოხატავს საქართველოსთან მიმართებაში ეკლესიის დამოკიდებულებას.

[ჩაიწერება, რომ] საქართველოს სახელმწიფო აღიარებს საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და დაემატება [სიტყვა] „თანამედროვებაში”. – თქვა პროპოპესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.