„ოცნება" გუნდის წევრის გარდაცვალებაში ადანაშაულებს პირს, რომელსაც ენმ-ის წევრს უწოდებს

პუბლიკა

„ქართული ოცნება” წყალტუბოში თავიანთი გუნდის წევრის გარდაცვალებაში სხვა ადამიანს ადანაშაულებს, რომელსაც ენმ-ის წევრად მოიხსენიებს. ამბობს სახელსა და გვარსაც.

„გუშინ, წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი როლანდ ნუცუბიძე ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა”, – თქვა დღეს, 5 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამ შემთხვევაშიც დაესხა თავს არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ფეისბუქზე” დაწერა, რომ „ენმ-მ და ენჯეოებმა ზიზღის ნორმალიზება მოახდინეს, შემდეგ კი საქებარ საქმედ აქციეს, რამაც ასეთ ტრაგიკულ შემთხვევამდე მიგვიყვანა”.

სამთავრობო ტელეკომპანია „იმედი” სიტყვიერი შელაპარაკების და შემდეგ ერმილე გიგიაძის დაცემისა და გარდაცვალების კადრებს ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.