გოდოლაძე: მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ აშშ-ის დახმარების დაპაუზება ჩვენს ინსტიტუტს არ შეეხება

პუბლიკა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, დამატებითი განმარტება მიიღეს და აშშ-ის მიერ საქართველოს მთავრობისთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტსა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს არ შეეხება. ამის შესახებ თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას.

„ილიას სახელმწიფო უნივევრსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის სახელით მსურს გაცნობოთ ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მივიღეთ დამატებითი განმარტება, რომ 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარება, რომელიც განკუთვნილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მთავრობისათვის დაპაუზებულია.

ეს არ შეეხება ჩვენს ინსტიტუტს, რადგან აშშ-ში ძალიან კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ამიტომ ისინი ეჭვ ქვეშ არ აყენებენ, როგორც საქართველოს, ასევე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინსტიტუციის შეუფერხებელ მუშაობას.

ამიტომ მიყვარს ეს ქვეყანა. 25 წელი ერთად ვაშენეთ არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის სეისმური ინფრასტრუქტურა და ზუსტად ვიცი, რომ ისინი საქართველოს არასდროს გასაჭირში არ მიატოვებენ”, – წერს გოდოლაძე.

9 სექტემბერს, თეა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „აშშ-მა სეისმური მონიტორინგის ცენტრის დაფინანსება შეაჩერა. ლუგარის ლაბორატორიის შემდეგ ველოდით, რომ გარდაუვალი იქნებოდა”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობას დახმარებას უჩერებს.

„23 მაისს საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების შემდეგ, განვაცხადე აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შესახებ. ამ გადახედვის შედეგად, აშშ აჩერებს 95 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს საქართველოს ხელისუფლება“, – წერია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.