ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა გუშინ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე კვლავ გაიმეორა, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მას კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა.
„აგვისტოში საქართველოში კონგრესმენი ტერნერისა და ჩემი ვიზიტის დროს გვქონდა შესაძლებლობა, რომ გვესაუბრა რა ხდება საქართველოში და ცხადად გვეჩვენებინა, მათ შორის საქართველოს მთავრობისთვის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
მე მივესალმები სამოქალაქო საზოგადოების გამბედაობას თქვენს მცდელობებში, რათა უზრუნველყოთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი.
შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შედგა, ჩვენ აღვნიშნეთ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს შორის ბოლოდროინდელ უკუსვლაზე და მოვუწოდეთ მას, მოეფიქრებინა, რა გზებით შეგვეძლო აშშ-საქართველოს ურთიერთობის წინსვლაზე საუბარი, რაც მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის მისწრაფებებს და უზრუნველყოფს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. სამწუხაროა იმის თქმა, რომ ერთადერთი თხოვნა რაც მას ჰქონდა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა საქართველოს მთავრობისადმი კრიტიკული NGO-ების დაფინანსება […] მესმის, რომ პრემიერ-მინისტრმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეს, მაგრამ მე არ ვყოფილვარ ერთადერთი ადამიანი იმ შეხვედრაზე, ყველამ გავიგეთ, რისი თქმაც სურდა”, – განაცხადა შაჰინამ.
მანამდე კობახიძემ ამ განცხადებას „ტყუილი“ უწოდა და თქვა, რომ „ასეთი რამ შეხვედრაზე” არ უთქვამს. დღეს, 13 სექტემბერს პრემიერ-მინისტრს კვლავ დაუსვეს კითხვა შაჰინის განცხადებაზე – მან გაიმეორა, რომ შაჰინი „ტყუის”, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო „ამერიკული ფულით რადიკალიზმისა და პოლარიზაციის” დაფინანსებას.
„ჯინ შაჰინმა თქვა ტყუილი. მან თქვა ასეთი რამ, რომ თითქოს ჩვენ მოვითხოვეთ ხელისუფლების მიმართ კრიტიკული არასამთავრობოების დაფინანსების შეწყვეტა, რაც არის წმინდა წყლის ტყუილი. იქ საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ როდესაც ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება ამერიკული ფულით საქართველოში ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია.
ამასთან დაკავშირებით ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, რომ ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც მე დავაკონკრეტე, ეს უნდა ახსოვდეს მას, რომ არ იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება“- განაცხადა კობახიძემ.
12 სექტემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორმა, ეკა გიგაურმა საქართველოში არსებული ვითარება მიმოიხილა, შემდეგ აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში სენატორების შეკითხვებს უპასუხა.