კობახიძე: მაშინდელმა რეჟიმმა 7 აგვისტოს გახსნა ცეცხლი ცხინვალზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეორე ნომერმა, ირაკლი კობახიძემ კიდევ რთხელ გაიმეორა მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ნარატივი და ქვეყანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში დაადანაშაულა.

„ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა. 2008 წლის აგვისტოში. ვინ დაიწყო? ვინც გახსნა ცეცხლი ცხინვალზე 7 აგვისტოს. ომი დაიწყო 2008 წელს და 7 აგვისტოს გახსნა მაშინდელმა რეჟიმმა ცეცხლი ცხინვალზე, მშვიდობიან მოსახლეობაზე”.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა პრემიერ-მინისტრი, რომ ის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშულებს, ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

„საქართველომ მოკლა სანდრო გირგვლიანი? თუ სააკაშვილის რეჟიმმა მოკლა”.

რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ნარატივი, რომელსაც აგრესორი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ წლებია, მიმართავს, არის, რომ „ომი საქართველომ 8 აგვისტოს, 00:00 საათზე მძინარე ცხინვალის დაბომბვით დაიწყო, რის შემდეგაც რუსეთი იძულებული გახდა, რომ კონფლიქტში ჩარეულიყო”. 

გარდა ამისა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ნაწილია, რომ საქართველომ მოაწყო ეთნიკური ოსების გენოციდი;

2008 წლის აგვისტოს ომი

2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს მრავალწლიანი კონფლიქტი რუსეთის ღია სამხედრო აგრესიაში გადაიზარდა, რასაც ასეულობით ადამიანის მსხვერპლი, ეთნიკური წმენდა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოჰყვა.

ვითარება აგვისტომდე რამდენიმე თვით ადრე დაიძაბა.

2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და დასავლეთის სახელმწიფოების დიდმა ნაწილმაც აღიარა. რუსეთმა ეს საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადასადგმელად სიგნალად მიიღო.

2008 წლის 2-3 აპრილს კი, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ვადები სამიტზე არ დაზუსტებულა, რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, რუსეთი გაუწევდა ქმედით დახმარებას “აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს”. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთი გააკეთებდა “ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება”.

2008 წლის 16 აპრილს რუსეთის მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის სახელმწიფო უწყებებს დაევალა, პირდაპირი ოფიციალური ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოს ორი რეგიონის სეპარატისტულ რეჟიმებთან.

საქართველოს ხელისუფლებამ პუტინის ეს განცხადება რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის მცდელობად შეაფასა. სამხედრო ესლაკაციაც ნაბიჯ-ნაბიჯ, 2008 წლის აპრილიდანვე დაიწყო.

7 აგვისტოს საქართველოში რუსული ჯარი შემოიჭრა.

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც.

2008 წლის სექტემებრში რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადა.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია.