სომხეთი აცხადებს, რომ რუსეთმა ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება სცადა

პუბლიკა

სომხეთის სამართალდამცავმა უწყებამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, 18 სექტემბერს დააკავეს 3 ადამიანი შეიარაღებული დაჯგუფების შექმნის ბრალდებით. შეიარაღებულ ჯგუფს უნდა შეეცვალა სომხეთის მოქმედი მთავრობა.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, იძებნება კიდევ 4 ეჭვმიტანილი, რომლებმაც მოახდინეს სომეხი მოქალაქეების რეკრუტირება და ისინი „შეიარაღებული გადატრიალებისთვის” მოსამზადებლად რუსეთში, სამხედრო წვრთნებზე გაგზავნეს.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადების თანახმად, სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულება ჩაიშალა მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა რეკრუტმა უარი თქვა სწავლებაში მონაწილეობაზე და სომხეთში დაბრუნდა „რუსეთის „სამხედრო ბაზიდან“ სახელწოდებით „არბატი“.

„რადიო თავისუფლების” სომხეთის ბიუროს განცხადებით, მათ ასეთი „სამხედრო ბაზის” შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძიეს. თუმცა, მათივე ცნობით, „არბატი” არის რუსული მილიციის სახელი, რომელიც შედგება ეთნიკური სომხებისგან, რომლებიც იბრძვიან უკრაინაში. საგამოძიებო კომიტეტს არაფერი უთქვამს, უკავშირდება თუ არა ეს გადატრიალების სავარაუდო შეთქმულებას.

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ასევე არ დაასახელა, არის თუ არა დაკავშირებული ეს სავარაუდო გადატრიალების გეგმასთან.

სომხეთის საგამოძიებო უწყებას არც დაკავებული პირების და ძებნილი ეჭვმიტანილების სახელები გამოუცხადებია.

„რადიო თავისუფლების” სომხეთის ბიუროს წყაროებმა უთხრეს, რომ ერთ-ერთი დაკავებული სერობ გასპარიანია, მებრძოლთა ჯგუფის, სახელად Sev Hovaz (შავი პანტერა)-ის ლიდერი. გასპარიანი იყო სომხეთის მთავრობის აშკარა კრიტიკოსი. მისმა ადვოკატმა, გურგენ გრიგორიანმა განაცხადა, რომ გასპარნიანი ბრალდებებს უარყოფს, თუმცა, დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სომხეთის ხელისუფლების თანახმად, ბოლო 1 წლის განმავლობაში ეს გადატრიალების მეორე მცდელობაა – პირველი 2023 წლის სექტემბერში იყო, როცა სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ოდესღაც გამოჩენილი პოლიტიკოსი, ალბერტ ბაზეიანი და ჯგუფის, სახელად ხაჩაკირნერი (ჯვაროსნები)-ის  შვიდი წევრი მას შემდეგ, რაც მათ ოფისი გაჩხრიკეს და ჩამოართვეს იარაღი, საბრძოლო მასალა და გადამცემი მოწყობილობები.