ჰერჩინსკი: [მოვლენების] გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები

პუბლიკა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი იმეორებს ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში მოვლენები გაუარესდება, EU ერთ-ერთ ვარიანტად ვიზალიბერალიზაციის პოტენციურ შეჩერებას განიხილავს.

„ევროკავშირმა პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში მოვლენების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ნამდვილად შეშფოთებული ვართ, რომ რეფორმების ნაცვლად, რომელიც საქართველოს ახლოს მიიყვანდა ევროკავშირთან, სამწუხაროდ, ბოლო თვეებში რამდენიმე მოვლენა იყო, რომლებიც ზრდის მანძილს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ვთქვით, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, რაც დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე.

ჩვენ მონიტორინგს ვუწევთ ამ მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ კამპანია იქნება მშვიდობიანი და ძალადობის გარეშე და რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ასე გვინდა, მოვლენები განვითარდეს, მაგრამ გაუარესების შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ბერკეტები და ერთ-ერთი უვიზო რეჟიმის შეჩერებაა”, – განაცხადა ელჩმა [„ფორმულას” თარგმანი].

ევროკომისიის პრესსპიკერი Politico-სთან საუბარში აცხადებს, რომ თუ „ქართული ოცნება” ამჟამინდელ ტრაექტორიას გააგრძელებს, ევროკავშირში საქართველოს შესახებ „ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციური შეჩერება”. მისივე განცხადებით, შეფასება მოხდება მოვლენების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას, ასევე, საქართველოში შემდგომი დემოკრატიული უკუსვლის შემთხვევაში.