პაპუაშვილი: ანტიკორუფციული ბიურო ძალიან ზუსტად მოქმედებს, რაც ფაქტებითაც დასტურდება

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება შეაფასა, რომლის თანახმად, ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტები“ არიან და მათზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი გავრცელდება.

პაპუაშვილის თქმით, მათ „არაერთხელ” უთქვამთ, „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, რომ „ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში”.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ ანტიკორუფციული ბიურო „ძალიან ზუსტად” მოქმედებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს „საერთაშორისო გამჭვირვალობასთან“ დაკავშირებით, რომ ისინი ჩართული არიან საარჩევნო კამპანიაში, ეს მათივე გასაჯაროებული მასალებიდან ჩანს. ერთ-ერთი ასეთი იყო, ბათუმში ორგანიზებული შეხვედრა მოქალაქეებთან, სადაც ქალბატონი გიგაური გაერთიანებისკენ მოუწოდებს ყველას და ამბობს, რომ რუსეთი შეეცდება „ქართული ოცნების“ შენარჩუნებას და ამას უნდა შეებრძოლონ, ეს რა არის, თუ არა საარჩევნო კამპანია. ზოგიერთი „ენჯეო“ თვალში რომ ნაცარს გვაყრის, ეს გამოდის ქართველი ხალხის დაცინვა.

ანტიკორუფციული ბიურო ძალიან ზუსტად მოქმედებს, რაც ფაქტებითაც დასტურდება. მოვუწოდებ ყველა ადმინისტრაციულ ორგანოს, იმუშაონ ძალიან დეტალურად, კანონთან ახლოს და ამ მხრივ ექნებათ მხარდაჭერა, რომ დარღვევები ამხილონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი, 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, მისი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანული კანონის მესამე თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

ორივე ორგანიზაციას და მათ ხელმძღვანელებს დაევალათ, 5 დღის ვადაში ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები, ასევე გახსნან და წარადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტებზე, რომლებიც გამოიყენება საარჩევნო მიზნებისთვის.