ზელენსკიმ ჯო ბაიდენსა და კამალა ჰარისს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტს, დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს შეხვდა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის „გამარჯვების გეგმა“ გააცნო.

ბაიდენმა ისაუბრა უკრაინისთვის დაახლოებით 8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფაზე და აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ანუ 20 იანვრამდე, ის გააძლიერებს უკრაინის პოზიციას მომავალ მოლაპარაკებებში.

ბაიდენის თქმით, უკრაინის წარმატებას ორი რამ სჭირდება: დასავლეთის ქვეყნების სამხედრო დახმარება და საერთაშორისო მხარდაჭერა გრძელვადიანი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის კიევის ევროკავშირისა და NATO-ს წევრობასთან დაახლოების გზით. მისივე თქმით, ეს ასევე მოითხოვს „რეფორმებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და დემოკრატიის გასაძლიერებლად“.

„მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ რუსეთი ამ ომში ვერ გაიმარჯვებს. რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს და ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს გვერდში დგომას ყოველ ნაბიჯზე“, – თქვა ბაიდენმა.

რაც შეეხება ჰარისთან შეხვედრას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინამ იმუშაოს შეერთებულ შტატებთან სრული კოორდინაციით. ჰარისმა თქვა, რომ მისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ურყევი რჩება – „ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი“.

„ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი მშვიდობა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ხალხი – უკრაინელი ოჯახები, უკრაინელი ბავშვები – და ყველა პუტინის ბოროტებისგან. და ჩვენ მადლობელი ვართ ამერიკის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში უკრაინას მხარს უჭერდა“, – დაწერა ზელენსკიმ.