ცესკო განმარტავს, როგორ უნდა მოიქცეს ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე

პუბლიკა

ცენტრალური საარჩევნო კომისია კიდევ ერთხელ განმარტავს ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირების წესს.

უძრავი ქონების მესაკუთრეების საყურადღებოდ ცესკო განმარტავს:

  • ამომრჩევლები, რომლებიც წარსულში მათ მისამართზე იყვნენ რეგისტრირებული და ამჟამად არ არიან სხვაგან რეგისტრირებული, საარჩევნო კოდექსის თანახმად, აღნიშნულ მისამართებზე ამომრჩეველთა სიაში ფიქსირდებიან მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის და ეს არ ნიშნავს, რომ მათ ამ მისამართზე გააჩნიათ იურიდიული ძალის მქონე რეგისტრაცია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში უძრავი ქონების მესაკუთრემ საკითხის გასარკვევად უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს.

ასევე, უწყების განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს იმ ამომრჩეველსაც, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე.

ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა:

  • ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება ბოლო რეგისტრაციის ადგილის (მისამართის) მიხედვით ან ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. შესაბამისად, ამომრჩევლის მისამართზე დაფიქსირებული სხვა ამომრჩევლის მონაცემები არის მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის, ვინაიდან ეს ამომრჩეველი მოხსნილია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რეგისტრაცია ძალადაკარგულად გამოცხადდა.
  • თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში  ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.

ამომრჩეველი, რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე:

  • თუ ამომრჩეველს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში  ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი მისამართი (ადგილი) არ უფიქსირდება, ის არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა უნდა გამოცხადდეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში და რეგისტრაცია გაიაროს ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით.
  • თუ ამომრჩეველი არ გაივლის რეგისტრაციას ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით, ამ შემთხვევაში, ამომრჩეველი ამომრჩეველთა ერთიან სიაში მოხვდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ბოლო ფაქტობრივი (დროებითი) საცხოვრებელი ადგილის (მისამართის) მიხედვით. შესაბამისად, ასეთი ამომრჩევლები, მხოლოდ საარჩევნო მიზნებისთვის. ამომრჩეველთა სიაში აღმოჩნდებიან იმ ბოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რომელიც ფიქსირდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.