საქართველოში აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს მოქალაქეები კარგად დაფიქრდებიან, ვის აძლევენ ხმას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.
„ვიმედოვნებ, დარწმუნდებიან, რომ მათი ხმა ძალაუფლებას აძლევს ადამიანებს, რომლებიც გამოხატავენ ქართველი ხალხის სურვილებს და მისწრაფებებს”, – თქვა მან.
აშშ-ის ელჩმა კომენტარი „საარჩევნო კომპასი საქართველოს” პრეზენტაციაზე გააკეთა.
„საარჩევნო კომპასი საქართველო“ არის უპარტიო, ელექტრონული საშუალება, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე და დაეხმარება იმის აღმოჩენაში, თუ რომელი პარტიის ხედვები და პრიორიტეტები დგას ყველაზე ახლოს მასთან.
პლატფორმა geocompass.ge ხელმისაწვდომია 4 ოქტომბრიდან.
ის მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და ემსახურება ამომრჩევლის ინფორმირებულობის დონის ამაღლებას.
„ჩვენ აქ ვართ, რათა გავუშვათ „საარჩევნო კომპასი 2024″. მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა იმაზე, თუ რას აკეთებს ეს ინსტრუმენტი:
საარჩევნო კამპანიის პერიოდში ბევრს საუბრობენ პოლიტიკურ პარტიებზე, კანდიდატებზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნების დროს ამომრჩეველია. ამომრჩეველია ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში. ქართველ ამომრჩეველს აქვს უფლება, იცოდეს, რას გამოხატავენ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, რა პოლიტიკას ატარებენ ისინი.
აშშ-ში გულწრფელად გვჯერა და ამიტომაც ვთანამშრომლობთ გერმანიასა და ევროკავშირთან ამ პროექტში, რომ დავრწმუნდეთ, რომ ქართველი ამომრჩევლები გავლენ, ხმას მისცემენ და მათი ხმა დაცული იქნება, რომ არჩევნები იქნება სამართლიანი, და რომ ის პარტიები, რომლებსაც ხმას აძლევენ, გამოხატავენ იმას, რაც ქართველ ამომრჩეველს უნდა”, – თქვა რობინ დანიგანმა.