პაპუაშვილი ბანერებზე ელჩის შეფასებას „საარჩევნო პროცესში ჩარევას" და „ფარისევლურს" უწოდებს

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებას „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტულ ბანერებთან დაკავშირებით საარჩევნო პროცესში „ჩარევას“ და „ფარისევლურს“ უწოდებს.

„ბატონი ჰერჩინსკის განცხადება, სადაც მან აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და შემზარავი უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს – ესეც არის ჩარევა საარჩევნო პროცესში, ვინაიდან ხდება ერთი მხარის, თუნდაც საარჩევნო ბანერების შეფასება და ის, რატომღაც, არ აფასებს ნაციონალური მოძრაობის მხრიდან წარმოებულ კამპანიას და მათი ბანერებიც ვნახეთ, როგორც გაკრული ქალაქში, ისე მცირე პოსტერები, რომელსაც ხან სოციალური მედიით ავრცელებენ.

ამ მხრივ, არის, ასევე, ფარისევლური მისი განცხადებაც, ვინაიდან, ჩვენ გვახსოვს, რომ მან აღმასრულებელი არ უწოდა FactCheck თანამშრომლის მხრიდან პარლამენტის წევრზე საჯარო სივრცეში მივარდნას და თავდასხმას, იმიტომ, რომ ეს თანამშრომელი ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება; მან სამარცხვინო არ უწოდა სირცხვილია თანამშრომლების მხრიდან პოლიტიკური თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის და შეურაცხყოფის ზარებს, იმიტომ, რომ „სირცხვილია” ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – აცხადებს პაპუაშვილი.

4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ მიერ გამოკრულ პროპაგანდისტულ ბანერებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ისინი იყო და არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი”.

ჰერჩინსკის თქმით, თუ საქართველოსა და ევროკავშირში მშვიდობაა, ეს უკრაინელი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლის დამსახურებაა.


„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო პროპაგანდისთვის უკრაინაში რუსეთის მიერ დაბომბილი შენობებისა და ტაძრების ფოტოებს იყენებს.

„ოცნების“ ბანერზე ერთ მხარეს ჩანს რუსეთის მერ 2022 წელს დაბომბილი მარიუპოლის თეატრი, რომელსაც თავს ათასობით ადამიანი აფარებდა. დაიღუპა ასობით მათგანი, მათ შორის, ბავშვები. რუსეთმა თეატრი დაბომბა, მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორ მხარეს, ასფალტზე დიდი ასოებით, რუსულად ეწერა გამაფრთხილებელი სიტყვა – „ბავშვები“.

ბანერის მეორე მხარეს ჩანს სენაკის თეატრის შენობა. „ქართული ოცნების“ სხვა ბანერზე ვხედავთ რუსეთის მიერ დაბომბილ ტაძარს უკრაინაში, მეორე მხარეს კი – სამების ტაძარს.