სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როცა დადგება ამის საჭიროება - გახარია

პუბლიკა

„სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როცა დადგება ამის საჭიროება. თუ ეს საჭიროება დადგება ხვალ, სწრაფი ტესტებიც იქნება ხვალ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არის, ძალიან ცდებით“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით შეკითხვის პასუხად.

გახარიას თქმით, ახლა სწრაფ ტესტებზე საუბარი პოლიტიკური მანიპულაცია და პოპულიზმია, რომლის ფასიც  ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობაა.

„როცა თქვენ მეკითხებით მე სწრაფ ტესტებზე მთავრობის ხელმძღვანელს, გქონდათ დრო, მილიონჯერ გეკითხათ დარგის სპეციალისტებისთვის და ვიცი, რომ ჰკითხეთ, მათი პასუხებიც ვიცი და ამ შეკითხვას მაინც მრავალჯერ მიმეორებთ. ესეც ჩემთვის პოპულიზმია, გარკვეული სახის.

ჩვენ კონკრეტული გეგმის მიხედვით მივდივართ, სადაც სწრაფ ტესტებს კონკრეტული დრო და ადგილი აქვს. დღეს გეტყვით, რომ სწრაფი ტესტების დროც მოვა, მაგრამ ამ სწრაფ ტესტებს აქვს თავისი ფუნქცია და როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი აჩენს მოლოდინს, რომ სწრაფი ტესტი ნიშნავს იმას, რომ მედიკოსები გამოვლენ ქუჩაში და დაიწყებენ ტესტირებას, ეს არის სიცრუე.

არანაირი აზრი სწრაფ ტესტირებაში, თუ მას არ მოჰყვება კონტროლის შემდგომი მექანიზმები, არ არსებობს. შესაბამისად, სწრაფი ტესტები ჩვენ შემთხვევაში ყველაზე მეტად საჭიროა იმ სოციალური ჯგუფების კონტროლისთვის, რომლებიც წინა ხაზზე არიან. სწრაფი ტესტები იქნება მაშინ, როცა დადგება ამის საჭიროება. თუ ეს საჭიროება დადგება ხვალ, სწრაფი ტესტებიც იქნება ხვალ და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ სწრაფი ტესტები ქვეყანაში არ არის, ძალიან ცდებით.

და თუ ფიქრობთ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მე ვალდებული ვარ, თქვენს მსგავს პოპულისტურ შეკითხვებს ვუპასუხო, ძალიან ცდებით. რადგან არის საგანგებო მდგომარეობა და ჩემი, როგორც მთავრობის ხელმძღვანელის ვალდებულებაა, მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვა და არა თქვენს პოპულისტურ შეკითხვებზე პასუხი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.