ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში: დარჩიაშვილთან შეშფოთება გამოვახატე ანტიდასავლურ რიტორიკაზე

პუბლიკა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი აცხადებს, რომ ამ კვირაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ისაუბრა. მისი თქმით, განიხილეს საქართველო-ბრიტანეთს შორის ურთიერთობები და ევროპის უსაფრთხოების საკითხი.

დაუთი ღნიშნავს, რომ შეშფოთება გამოხატა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. მინისტრის კომენტარის თარგმანს საქართველოში ბრიტანეთის საელჩო ავრცელებს.

„საუბრისას ჩემი ღრმა შეშფოთება გამოვხატე სამოქალაქო საზოგადოებაზე მიმდინარე ზეწოლაზე, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მდგომარეობასა და ანტიდასავლური რიტორიკის შესახებ. ამგვარი მოქმედებები ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების მკაფიო ამბიციას შექმნან თანამედროვე და ინკლუზიური საზოგადოება და ჰქონდეთ ევრო-ატლანტიკური მომავალი და ასევე, ეჭვქვეშ აყენებს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო პარტნიორობას“, – აცხადებს მინისტრი.

მისივე თქმით, ბრიტანეთი მონაწილეობს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიაში, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოში არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას.