კერესელიძე: ხუნდაძის დაჯგუფების წევრი შეეცადა ჩვენი მხარდამჭერისთვის მანქანა დაეჯახებინა

პუბლიკა

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, შალვა კერესელიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ოცნების“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატის, დიმიტრი ხუნდაძის „დაჯგუფების წევრი“, გიორგი მურჯიკნელი შეეცადა მათი პარტიის მხარდამჭერისთვის მანქანა დაეჯახებინა. კერესელიძე ამბობს, რომ შემთხვევა სოფელ ქსანში მოხდა.

„ადამიანის მოკვლა მხოლოდ იმიტომ სცადეს, რომ გუშინ სოფელ ქსნის ცენტრში მდებარე საზოგადოებრივ სკვერში მე და ლია ყოჩიშვილი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შევხვდით. რის გამოც, შიშისგან დაფეთებულმა კრიმინალური და კორუმპირებული დაჯგუფების წევრმა, მცხეთის საკრებულოს, ქსანი-ციხისძირის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია ჯიქიამ და ამავე სოფლის რწმუნებულმა გიორგი ალავერდაშვილმა „ოცნების“ აქტივისტების მობილიზება და თვალთვალი დაიწყეს.
დღეს კიდევ, კრიმინალური მეთოდებით შეეცადნენ ლია ყოჩიშვილის მიმართ შურისძიებას. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ლია ყოჩიშვილი ჩვენი გუნდის, ,,გახარია საქართველოსთვის” საიმედო ადამიანს წარმოადგენს და არაერთხელ ამხილა ისინი კრიმინალსა და კორუფციაში. რომ არა სწრაფი რეაგირება, შეჯახების მიზნით, მისი მიმართულებით დიდი სიჩქარით მომავალ ავტომანქანაზე, ლია ყოჩიშვილი ცოცხალი ალბათ არ იქნებოდა“, – წერს კერესელიძე.
მისივე თქმით, მომხდარის შემდეგ მალევე მანქანიდან გიორგი მურჯიკნელი გადავიდა და ლია ყოჩიაშვილის მიმართ მუქარა დაიწყო.