ზახაროვა: მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით 

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ გაიმეორა რუსული გზავნილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენია და თქვა, რომ „მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით“.

მან იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის პოზიციის დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებამდე მიიყვანს მას“. 

ოთხშაბათს, 16 ოქტომბერს მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსეთი, როგორც ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე და აფხაზეთის, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის უახლოესი მეზობელი, სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული ამ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით.

„მოსკოვი მზად არის, ამ საკითხს სრულად შეუწყოს ხელი, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ ფორმატში“, – თქვა რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა.

მარია ზახაროვას განცხადებით, „ჯერჯერობით ამ საკითხზე პროგრესის შესახებ ლაპარაკი ნაადრევია მხარეთა მიდგომებში დარჩენილი  ფუნდამენტური განსხვავებებისა და რეგიონში განვითარებული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით“.

თუმცა, მისი თქმით, „საქართველოს ბოლოდროინდელი განცხადებები იმის შესახებ, რომ აპირებენ, ბოდიში მოუხადონ სამხრეთ ოსეთის ხალხს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2008 წლის აგვისტოში გაჩაღებული ომისთვის, მათ გარკვეულ იმედს აძლევს“.

„ვიმედოვნებთ, რომ შესაბამისი განწყობა აისახება ქართული დელეგაციის მუშაობაში ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მოახლოებულ რაუნდებზე“, – თქვა ზახაროვამ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „სოხუმიც და ცხინვალიც მზად, არიან გადაფურცლონ ტრაგიკული ფურცელი საქართველოსთან ურთიერთობის ისტორიაში”.

„უფრო მეტიც, ქვეყნები მზად არიან გადაფურცლონ ეს გვერდი კონკრეტული პრაქტიკული საქმეების უზრუნველყოფით, პირველ რიგში ესაა თბილისის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების დადება”, – თქვა ზახაროვამ.

ის, რომ „მოსკოვი მზადაა, საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ქვეყნებს ურთიერთობის ნორმალიზებაში დაეხმაროს“, რუსული მხრიდან პირველად არ ისმის – ანალოგიური განცხადება 29 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა.

ლავროვის ამ განცხადებაზე, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის მოხსენებული, კახა კალაძემ თქვა, რომ „ქართული ოცნება“ მას „პოზიტიურად აფასებს”.

ლავროვის განცხადება მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის 14 სექტემბრის განცხადებას, რომ „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.

რაც შეეხება ძალის გამოუყენებლობის ხელშეკრულებას – საქართველოს თავდაუსხმელობის ვალდებულება წლებია, აღებული აქვს, ცალმხრივად, მათ შორის გაეროსა და ევროპარლამენტის ტრიბუნებიდან და ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის წინაშე, როცა ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას.

თუმცა, რუსეთი ცდილობს, კონფლიქტის მხარეებად აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აქციოს, ხოლო თავად ეს სტატუსი მოიხსნას.