კობახიძე: ზურაბიშვილის იმპიჩმენტი განხორციელდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, კვლავ გამოუცხადოს იმპიჩმენტი სალომე ზურაბიშვილს და აღნიშნა, რომ ამას „სიმბოლური დატვირთვა“ ექნება. კობახიძის მტკიცებით, იმპიჩმენტი განხორციელდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ხოლო სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა დაახლოებით დეკემბრის ბოლოს ეწურება.

„რეალურად იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილს ისედაც გასდის ვადა დეკემბრის ბოლოს. იმპიჩმენტი ითვალისწინებს ერთი თვით ადრე მისი თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტას. იმპიჩმენტი განხორციელდება ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, დეკემბრის ბოლოს მას ისედაც გასდიოდა ვადა. აქედან გამომდინარე, არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს იმპიჩმენტს, მაგრამ პრაქტიკული კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი არ შეიძლება ასე ტოვებდეს პრეზიდენტის თანამდებობას და იმპიჩმენტით დაერქმევა მას თავისი სახელი როგორც მოღალატე ე.წ. პრეზიდენტს.

რეალურად, ჩვენ გვაქვს საპარლამენტო მმართველობის სისტემა და მადლობა ღმერთს, რომ სალომე ზურაბიშვილს ბევრი არაფრის გაფუჭება არ შეუძლია, შესაბამისად, იმპიჩმენტს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა კონსტიტუციის დამრღვევი და მოღალატე ადამიანი თანამდებობას უნდა ტოვებდეს იმპიჩმენტით. ჩვენ შეგნებულად, გამომდინარე იქიდან, რომ არ გვინდოდა პრეზიდენტის თანამდებობა გვექცია საპარლამენტო საარჩევნო კამპანიის ნაწილად, შეგნებულად, დისკუსიაც კი არ გქონია ამ თემასთან დაკავშირებით. როგორც კი დასრულდება საპარლამენტო არჩევნები მაშინვე შედგება გუნდში დისკუსია და მაშინვე წარვუდგენთ საზოგადოებას პრეზიდენტის კანდიდატს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში, სავარაუდოდ, ხვალ შევა. სასამართლო 3-დღიან ვადაში გადაწყვეტს, დარეგისტრირდება თუ არა სარჩელი, რის შემდეგაც საკონსტიტუციოს ერთი თვის ვადა აქვს საქმის განხილვის დასაწყებად.