საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ. ინფორმაციას IRI ავრცელებს.
მისიას ხელმძღვანელობენ: ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი, ჯონ შიმკუსი, შვედეთის პარლამენტის წევრი, მარგარეტა სედერფელდი და IRI-ის პრეზიდენტი დენ თვაინინგი.
ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 28 მოკლევადიანი დამკვირვებელი შეუერთდება ქვეყანაში ივლისიდან მყოფ 20 გრძელვადიან დამკვირვებელს და ამით გაუმჯობესდება მისიის საარჩევნო პროცესის მონიტორინგის და შეფასების შესაძლებლობები. მოკლევადიანი დამკვირვებლები დააკვირდებიან არჩევნების დღეს, მათ შორის საარჩევნო უბნების გახსნას, ხმის მიცემისა და ხმის დათვლის პროცესს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
როგორც საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრესრელიზშია აღნიშნული, მათი მუშაობა გააძლიერებს გრძელვადიანი დამკვირვებლების ძალისხმევას, რომლებიც საქართველოში ჩამოსვლის დღიდან აქტიურად მუშაობენ არჩევნებში ჩართულ მხარეებთან, საარჩევნო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
„მოკლევადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა კიდევ უფრო გააძლიერებს მისიის შესაძლებლობებს, დააკვირდეს ამ მნიშვნელოვანი არჩევნების საკვანძო ეტაპებს,“ – აღნიშნა ჯონ შიმკუსმა.
„ჩვენი სადამკვირვებლო მისია დაგვეხმარება არჩევნების დღის პროცესებისა და საქართველოს მიერ დემოკრატიული ნორმების დაცვის შეფასებაში, რაც აუცილებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა ამ არჩევნებზე მთავარი საკითხია. ჩვენ მოუთმენლად ველით არჩევნების დღეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ საარჩევნო პროცესი ასახავს ქართველი ხალხის ნებას, რომლის უმრავლესობას, IRI-ის გამოკითხვების მიხედვით, სურს დემოკრატიულ საზოგადოებაში ცხოვრება და დასავლეთთან უფრო მჭიდრო კავშირი“, – განაცხადა თვაინინგმა.
IRI-ის განმარტებით, საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრებისკენ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ქვეყანა, გამართოს გამჭვირვალე, სანდო და ლეგიტიმური არჩევნები. ამ არჩევნების შედეგები გადამწყვეტ როლს ითამაშებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზის განსაზღვრაში.
არჩევნების დღის შემდეგ, მალევე, მისია გამოაქვეყნებს წინასწარ განცხადებას, ხოლო ყოვლისმომცველი ანგარიში, რომელიც მოიცავს დეტალურ ანალიზსა და რეკომენდაციებს, გამოქვეყნდება არჩევნების შემდგომ კვირებში.
IRI-ს მსოფლიოში ჩატარებული აქვს 250 საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომლებიც აღიარებულია მიუკერძოებლობითა და პროფესიონალიზმით. მისია შეესაბამება საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ გაეროს დეკლარაციას, რომელიც 2005 წელს მიიღეს.
აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია შესაძლებელი გახდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესის გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას საქართველოში ასევე ასრულებს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).