კობახიძე: ელჩის შეფასება არ არის ობიექტური, ესაა ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას „ადმინისტრაციული რესურსის“ გამოყენებად აფასებს და აცხადებს, რომ „უცხოელი დიპლომატი“ არჩევნებთან დაკავშირებით „პროპაგანდისტულ მოწოდებას“ არ უნდა აკეთებდეს.

„ევროკავშირის ელჩის შეფასება არ არის ობიექტური და ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი ჩემთვის. როდესაც ასეთი არაობიექტური განცხადება უკავშირდება არჩევნებს, ეს არის შემაშფოთებელი. ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა.

როდესაც უცხოელი დიპლომატი აკეთებს არჩევნებთან დაკავშირებით პროპაგანდისტულ მოწოდებას, ეს არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, ეს არის ერთგვარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ყველას მოვუწოდებ, ნუ დაარღვევენ საარჩევნო პრინციპებს და ისაუბრონ ობიექტურად იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

დღეს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებს 26 ოქტომბერს არჩევნებზე წასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ეს გადამწყვეტია მათი მომავლისთვის.

„გთხოვთ, წადით და მიეცით ხმა და გთხოვთ, აირჩიეთ მთავრობა, რომელიც წარმოადგენს თქვენს სურვილებს და მისწრაფებებს“, – თქვა ელჩმა.