პაპუაშვილი: რა მორალური უპირატესობა გაქვს, შეედავო რუსეთს წესების დარღვევაში, როცა მათ თავად არღვევ

პუბლიკა

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ დასავლეთს არ აქვს მორალური უპირატესობა რუსეთთან შედარებით, როცა საქმე ეხება სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევას.

სამთავრობო ტვ „იმედის“ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ 22 ოქტომბერს ილაპარაკა 20 ოქტომბრის პროდასავლურ აქციაზე და თქვა, რომ „ეს იყო საარჩევნო აგიტაციის კამპანია, რომელიც ჩაატარეს ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან“.

პაპუაშვილის მტკიცებით, სწორედ ეს არის „საქართველოს არჩევნებში უცხოური ჩარევის მთავარი მაჩვენებელი“.

„რომ საუბრობენ მოლდოვაზე, სხვა ქვეყნებზე – რუსეთის ჩარევაზე. სად დაუფინანსებია – შეიძლება დაუფინანსებია, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რუსეთისგან რომ ფინანსდებოდეს საარჩევნო აქციები და მიტინგები და ა.შ, რა ყვირილი იქნებოდა ამაზე?

[….]

ეს იყო აქცია „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ასე არ იყო?

მნიშვნელოვანია დარღვევის მასშტაბი. ხალხი, რომელიც ღაღადებს, რომ ღირებულებებია მთავარი, ხაზავს ამ ღირებულებებს და არა უბრალოდ სტანდარტების ფუძემდებლური პრინციპები, რომ სხვის შიდა საქმეებში არ ჩაერიო.

დღეს რუსეთს რას ედავება მსოფლიო? ედავება წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის უპატივცემულობას, რომ არ შეიძლება, რომ წესები დაარღვიოს ერთმა ქვეყანამ სხვის მიმართ. და როგორ შეიძლება, შეედავო და რა მორალური უპირატესობა გაქვს, რომ შეედავო რუსეთს თუნდაც წესების დარღვევაში, როცა შენ თვითონ არღვევ ამ წესებს და ერევი სხვა ქვეყნის არჩევნებში“. – თქვა შალვა პაპუაშვილმა.