ISFED: ამბროლაურის მე-18 უბანში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა

პუბლიკა

„სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) მათი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ აღნიშნა მარნეულის 69-ე უბანში ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევის შესახებ, ამასთან, განაცხადა, რომ ამბროლაურის მე-18 უბანში კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა.

„საარჩევნო უბნის მიმდებარედ კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში შეინიშნებოდა არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად „ქართული ოცნებასთან” დაკავშირებული პირები ფიგურირებდნენ.

ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებასაც. სამართლიანი არჩევნების სტატისტიკური მონაცემებით, აქტივობა 12:00 საათისთვის იყო 22,7%, რომელიც არის +-0,7%-ით, რაც ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ აქტივობას”, – განაცხადა ISFED-ის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ.

დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანში ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. ისინი, სავარაუდოდ, სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო.