ზურაბიშვილი: რაც ხდება სხვადასხვა უბანზე, არის სისუსტის მაჩვენებელი, არავინ არ შეშინდეს

პუბლიკა

„მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები და მოვუწოდო, პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი“, – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და გამოეხმაურა საარჩევნო უბნებზე მომხდარ სხვადასხვა დარღვევისა და ძალადობის შემთხვევებს. ის აღნიშნავს, რომ ეს სისუსტის ნიშანია და მოუწოდებს ყველას, არ შეშინდნენ.

„მინდა, აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე, ხან მედიას აპარატურა დაუზიანეს, ხან არის პირდაპირი ძალადობა. ჯგუფები არიან იქ შეკრებილი, რომელთა ერთადერთი მიზანი არის, რომ იქ მოხდეს დაძაბულობა, კონფრონტაცია და ეს არის ძალიან სამწუხარო, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, რეპუტაცია. ეს არის სისუსტის მაჩვენებელი, ამიტომ არავინ არ შეშინდეს ამით.

მინდა, მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა, რომ მას ვთხოვო, მოვუწოდო, პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური – არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე, ეს ჩვენ არ გვეკადრება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩაყარეს. ისინი, სავარაუდოდ, სადახლოს გამგებელმა როვშან ისკანდაროვმა ჩაყარა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო.