ისანში „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს სცემეს

პუბლიკა

ისანში „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ. პარტიაში აღნიშნავენ, რომ ის კლინიკაშია გადაყვანილი.

მანამდე, მსახიობმა ნატალია ყიფშიძემ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან მდებარე მე-9 უბანში არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე და აღნიშნა, რომ ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, თუმცა ისინი მომხდარზე რეაგირებას არ ახდენენ.

ამასთან, „TV პირველი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს ხელკეტებით გაუსწორდნენ.

მარიამ დოლიძე „მთავარ არხთან“ ამბობს:

„მე-9 უბანზე ისევ მობილიზება ჰქონდათ ე.წ. ძველი ბიჭები არიან თუ ვინ არიან, არაფხიზელ მდგომარეობაში, უბანთან სვამდნენ, ზუსტად უბნის კიბეებთან და ამის შემდეგ რომ მივედით გასარკვევად, ზუსტად ის ადამიანები, რომლებმაც ბოთლები დამიშინა და რამდენიმე საათის წინ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა, თავს დაგვესხნენ. მუცელში მაქვს ჩარტყმული… წიხლი… არ ვიცი რა ჩამარტყეს, ასევე ყბის და თავის არეში, საშინელი ტკივილი მაქვს… ცივი იარაღები ჯიბეებიდან უცვიოდათ, როცა გვესროდნენ მძიმე საგნებს, ერთ-ერთი იყო ცივ იარაღით, „ჯეო ჰოსპიტალში“ ვარ ახლა გადმოყვანილი”.

„პუბლიკა„ მომხდარზე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს – უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.