საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ერთ-ერთი ხელმძღვანელის, მარგარეტა სედერფელდის თქმით, „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნოდ თავისი კამპანიის გასაძლიერებლად სახელმწიფო რესურსები გამოიყენა.
მან ხაზი გაუსვა დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევებს წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეების მიმართ.
სედერფელდის თქმით, მოქალაქეებმა მათ უთხრეს, რომ ხელისუფლების მხრიდან იყვნენ სისტემური თავდასხმების მსხვერპლი – მათგან ითხოვდნენ მმართველი პარტიის მხარდაჭერას.
IRI-ის წარმომადგენლის თქმით, ეს ასევე გამიზნული იყო იმისთვის, რომ დაეშინებინათ ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერები.
“ქართულმა ოცნებამ გამოიყენა სახელმწიფო რესურსები თავისი კამპანიისთვის და ასევე, იმისთვის, რომ შეემცირებინა ამომრჩევლების აქტივობა. მუდმივი დაშინება, ზეწოლა საჯარო მოხელეებზე იყო ნათელი. გარდა ამისა, „ქართული ოცნება” აკონტროლებდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბევრ წარმომადგენელს. იყო დაშინება, რომ თუ ადგილობრივი მოსახლეობა მმართველ პარტიას არ მისცემდა ხმას, შეუწყვეტდა სოციალურ დახმარებას”. – თქვა მარგარეტა სედერფელდმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხს და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ოპოზიციის კვოტის გაუქმებას.
„ეს ცვლილებები ნამდვილად აძლიერებს ეჭვებს პოლიტიკური მიკერძოებისა და დისბალანსის კუთხით საარჩევნო კომისიებში. ამ მიზეზების გამო კომისიების მიმართ ნდობა დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კუთხით ძალიან, ძალიან დაბალია”. – თქვა მან.
მარგარეტა სედერფელდმა აღნიშნა კამპანიის დაფინანსების მონიტორინგის ფუნქციის ანტიკორუფციული ბიუროსთვის მინიჭების შესახებ და თქვა, რომ ეს აჩენს ეჭვს ამ უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ.
მარგარეტა სედერფელდმა ასევე ისაუბრა რუსულ კანონზე და ხაზი გაუსვა, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიები დგანან უწყვეტი ზეწოლის რისკის წინაშე მთავრობის და მათთან დაკავშირებული ჯგუფების მხრიდან”.