მიშელი: ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ნოემბერში ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპული საბჭოს არაფორმალურ სხდომაზე დღის წესრიგში საქართველოს საკითხს შეიყვანს.

ის მოუწოდებს ცესკოსა და სხვა შესაბამის ორგანოებს, გამოიძიოს გავრცელებული ცნობები დარღვევებთან დაკავშირებით.

„საქართველოს არჩევნების შემდეგ, ვაპირებ, რომ საქართველო შევიყვანო ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალური სხდომის დღის წესრიგში.

ჩვენ მივუთითებთ, ეუთო/ოდირის წინასწარ შეფასებებს და მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობები, რომ სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და აღნიშნული ბრალდებები.

ეს სავარაუდო დარღვევები უნდა იქნას სერიოზულად გარკვეული და აღმოფხვრილი.

ჩვენ ვიმეორებთ ევროკავშირის მოწოდებას საქართველოს ხელმძღვანელობის მიმართ, რომ გამოიჩინონ მყარი ერთგულება ქვეყნის ევროპული გზის მიმართ, ასევე, ივნისში და ოქტომბერში ევროპული საბჭოს კონსულტაციების შესაბამისად. პოლიტიკურ სპექტრში კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი ახლა უმთავრესია.

ნოემბერში ევროპული საბჭო შეაფასებს სიტუაციას და საქართველოსთან ურთიერთობაში შემდგომ ნაბიჯებს განსაზღვრავს”, – აღნიშნავს ის.

დღეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წინასწარი შეფასებები გააკეთეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ „როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა”.


ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.

როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.