პოლონეთის საგარეო: რაც ვნახეთ 26 ოქტომბრის საქართველოს EU-სა და NATO-სთან არ აახლოებს

პუბლიკა

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ არაერთი ცნობა დარღვევების შესახებ ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებასა და თავად შედეგს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაც 26 ოქტომბერს ვიხილეთ, საქართველოს აშორებს EU-სა და NATO-ს.

„საქართველოს პრეზიდენტმა და ოპოზიციამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს არჩევნების ლეგიტიმურობა. არაერთი ცნობა ადასტურებს დარღვევებს საარჩევნო პროცედურებში და მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსის უპრეცედენტო მასშტაბის ჩართულობა ძირს უთხრის პროცესის თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპს და თავად არჩევნების შედეგებს.

ჩვენ გვწამს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი და ქართველი ხალხი იმსახურებს მათი ოცნებებისა და მიზნების ასრულებას – რომ მათი ქვეყნისთვის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი უზრუნველყონ. სამწუხაროდ, რაც ვნახეთ 26 ოქტომბრის არჩევნების დროს საქართველოს EU-სა და NATO-სთან არ აახლოებს, აშორებს. პოლონეთი გააგრძელებს ქართული დემოკრატიისა და მისი ხალხის თავისუფალი ნების მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველო იყო ლიდერი რეფორმების პროცესში წარსულში და ვიმედოვნებთ, რომ ამ გზაზე კვლავ დაბრუნდებიან”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა წინასწარი შეფასებები გააკეთეს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. ეუთოს მოკლევადიანი მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა, პასკალ ალიზარდმა განაცხადა, რომ „როცა კენჭისყრის დღეს ამომრჩევლების აღრიცხვა ხდებოდა, ეს ეჭვს ბადებს იმაზე, თუ რამდენად შეეძლო ზოგიერთ ამომრჩეველს ხმა დაშინების გარეშე და სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მიეცა”.

ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, განცხადებები გააკეთა სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებამ. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ განაცხადა, რომ „მოპარული, მიტაცებული“ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

განცხადებები გააკეთეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლებმაც – მათ ისაუბრეს რამდენიმე სქემაზე, რომელთაც, მათი თქმით, „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე ახორციელებდა, რათა უბანზე ხმები „გაეოთხმაგებინა“.

როგორც კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი „სქემის“ თანახმად, მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების ID ბარათებს ჩამორთმევის შემდეგ მონაცემები გააციფრულა და ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებით ჩაამატა, რითაც მათ ამომრჩეველს, მინიმუმ, 4 უბანზე შეეძლო უბანზე მისვლა.

რაც შეეხება ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ისინიც საუბრობენ „არჩევნების გაყალბების კომპლექსურ სქემაზე“ და მიუთითებენ, რომ კენჭისყრის დღე ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. ორგანიზაციები მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, განმარტოს, რა მექანიზმებით შეიძლება არ მომხდარიყო დუბლირებული სიების გააქტიურება.