პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი”.
კობახიძის თქმით, ჰელსინკის კომისია „არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ.
„მოგეხსნებათ, რომ ჰელსინკის კომისია არის მხარე, ის პირდაპირ იყო ჩართული საარჩევნო კამპანიაში ოპოზიციის სასარგებლოდ, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა. რადგან მხარეა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი.
მეტიც, მე მინდა შეგახსენოთ ერთი საინტერესო განცხადება, რომელიც გააკეთა ჰელსინკის კომისიამ და იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტებელი ინფორმაცია მმართველი პარტიის შესახებ, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, რომ საბოლოო ჯამში ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო. თუმცა თავისთავად ის მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ჰელსინკის კომისიის განცხადება შეაფასა „ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემაც.
კალაძის განცხადებით, ამ ტიპის განცხადებები „ტყუილსა და სიცრუეზეა დაფუძნებული“ და „ქვეყნის შიგნით არსებულ რადიკალურ ოპოზიციას ზურგს სწორედ მსგავსი განცხადებები უმაგრებს“.
„ამ ტიპის განცხადებებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შინაარსობრივად ეს ყველაფერი დაფუძნებულია ტყუილსა და სიცრუეზე. 1 120 000-მა ადამიანმა ხომ იცის, რომ მივიდა და ხმა მისცა მშვიდობას; ხმა მისცა ბოროტების წინააღმდეგ; ხმა მისცა ომის წინააღმდეგ; ხმა მისცა იმ ფაშიზმის წინააღმდეგ, რომელიც გაბატონებულია ქვეყნის შიგნით ამ რადიკალების ჩართულობით, რომელიც იმართება გარედან ამ ტიპის განცხადებებით“, – განაცხადა კალაძემ.
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ.