პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რეგიონებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში განაწილებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ გუნდთან.
ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათ შორის:
„ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერის, კოტე ლომიძის ცოლი, ლარინა ლალიაშვილი იყო ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში ნეიტრალური/დროებითი წევრი იყო მზია ქავთარაძე, რომლის ქმარი, თეიმურაზ ვაშაკიძეც „ოცნების“ გამარჯვების ზონის ხელმძღვანელი და მერიის ერთ-ერთი ააიპ-ის დირექტორის პირველი მოადგილეა.
ქუთაისში „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისის თავმჯდომარის, გია ბასილაძის შვილი, მარიამ ბასილაძე იყო 42-ე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო ცოლი, ხათუნა ლილუაშვილი, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
გარდა ამისა, ბოლნისის მე-4 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ნინო მანაგაძე, რომელიც „ქართული ოცნების” დეპუტატის, გოგი მეშველიანის საპარლამენტო ბიუროს უფროსია.
ბოლნისის 51-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარე იყო საკრებულოს PR-ის თანამშრომელი ლია მენაბდიშვილი.
რუსთავში საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ლაშა ჩოფლიანის შვილი, ალექსანდრე ჩოფლიანი იყო 59-ე სპეციალურ უბანზე თავმჯდომარის მოადგილე. ლაშა ჩოფლიანის ძის, ბერდია ჩოფლიანის ცოლი, მაგდანა ჩოფლიანი იყო ამავე უბანზე მდივანი, ხოლო ბერდია და მაგდანა ჩოფლიანების შვილი, ირაკლი ჩოფლიანი – საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ქართული ოცნებიდან“.
მარნეულში: საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე იყო 22,01 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მისი შვილი, მამუკა ხარშილაძე, რომელიც ასევე მარნეულის მერიის თანამშრომელია, იყო ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „ოცნებიდან“ მამუკა ხარშილაძე, ხოლო მისი რძალი, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი ია ესებუა – 22.01 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილი, მამუკა გიგანი იყო 22.01 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი“.
ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსის მუხლები.
მისი თქმით:
„ყვარლის 16.11 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნარი ბოხუამ, რომელიც ახალსოფლის სკოლის დირექტორის მოადგილეა, „ფეისბუქზე“ გააზიარა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პოსტები.
16.10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნანული ციციშვილმა მოიწონა „ოცნების“ პოსტები.
ანალოგიურად მოიქცა 16.22 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ხმიადაშვილი, რომლის ქმარიც ყვარლის მერის წარმომადგენელია სოფელ შილდაში“.