სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ვერ იმსჯელებს, ლეგიტიმურია თუ არა არჩევნები, რადგან სახალხო დამცველი არჩევნებს არ აკვირდებოდა.
„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის” ეთერში ლევან იოსელიანს ჰკითხეს, თვლის თუ არა, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და არჩევნების დროს დამდგარი შედეგები არის თუ არა ლეგიტიმური.
„ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას“, – განაცხადა იოსელიანმა.
მისი თქმით, სახალხო დამცველისკენ მიმართული შეკითხვები ან არაკომპეტენტურობაა, ან მისი დისკრედიტაციის მცდელობა.
„რატომ მკითხულობდნენ, არ ვიცი, ბევრი ადამიანი არაკომპეტენტურობის გამო სვამს რაღაც კითხვებს, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, ბევრი იმ განზრახვით სვამს კითხვებს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის. ის ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც ამას კითხულობდნენ და რა სტილითაც კითხულობდნენ, მათი მიზანი ცალსახად დისკრედიტაცია იყო“, – განაცხადა მან.
იოსელიანის თქმით, არჩევნების დღეს ომბუდსმენმა აღრიცხა სავარაუდო დანაშაულის შემცველი 110 ფაქტი.
წამყვანის შეკითხვაზე, რა მიზანი შეიძლება ამოძრავებდეთ იოსელიანის დისკრედიტაციის მცდელობისას, ის პასუხობს:
„მე, როგორც სახალხო დამცველი არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, არ ვდგავარ მათთან, არ ვიმეორებ ხშირ შემთხვევაში აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს, მაგალითად ის რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს კარუსელებზე“, – თქვა იოსელიანმა.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, სჯერა თუ არა მას, რომ 350 ათასი ხმა გააყალბა „ოცნებამ“, იოსელიანი ამბობს:
„ნუ არ ვიცი, 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც რომ ასე იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით, 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი, 10 ათასი ავტობუსი, ეს ყველაფერი თუ ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე არ მჯერა ამის, არ დამიკარგავს საღი აზრი. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმება ისე, რომ ერთი არ გამოჩნდა, 2 თვეა, ვიხვეწებით, ვინმეს თუ ჩამოგართვეს მოწმობა, განცხადება შემოიტანეთ-მეთქი, ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მას ჩამოართვეს იძულებით და არ უბრუნებენ. არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა, არის რაღაცები, რომ მართლა მელანმა იქ გამოჟონა, მაგრამ ეს შესაფასებელია დიდ კონტექსტში, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას. შენ რომ მიხვედი და იქ შემოხაზე, იყო თუ არა ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი თუ ვინმე ახდენდა ზეგავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანა ეს არის, რომ დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები იყო, ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა რაზე არის საჩივრები დაწერილი. ეუთო/ოდირის დასკვნა არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი“, – თქვა იოსელიანმა.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები გასაგებია, თუმცა ის გამყარებული უნდა იყოს მტკიცებულებებით.
„როდესაც 3111 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიწერა, სადაც ყველა ოქმზე ხელს აწერს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მხოლოდ 9 უბანზეა დაწერილი განსხვავებული აზრი. დაახლოებით 47 ათასი დამკვირვებელი იყო, თუ ყველა მოისყიდეს, თუ არავინ არაფერი დაწერა, თუ ბიულეტენის გაჟონვის ფაქტზე 7 განცხადება დაიწერა, თუ ვინმეს სჯერა, რომ ასე მოხდა“, – ამბობს იოსელიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია და ორგანიზაციების ნაწილი კარუსელების და სხვისი პირადობის მოწმობების გამოყენებით გაყალბებაზე საუბრობს, არც ერთ მათგანს არ უთქვამს, რომ 350 ათასი ადამიანი „ჩამოატარეს კარუსელებზე“.
ლევან იოსელიანის საპასუხოდ სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე წერს, რომ „სინამდვილეში სახალხო დამცველს აქვს არჩევნების კონსტიტუციურობის კონტროლის უფლებამოსილება და ამის არცოდნა ალბათ არაკომპეტენტურობაა. ეს უფლებამოსილება ერთადერთია, რომელიც პირდაპირ წერია კონსტიტუციაში. დანარჩენი ორგანულ კანონშია. საქართველოს მეხუთე სახალხო დამცველმა კონკრეტულ არჩევნებზე სპეციალური ანგარიშიც მოამზადა სხვათა შორის. არჩევნებში მონაწილეობის უფლება და მისი რეალიზებაც სახალხო დამცველის მანდატის ქვეშაა“.