წინასწარი შედეგებით, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა.
მოლდოვის საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დათვლილია 2219 უბნიდან 2213 (99.73%).
ახლანდელი მონაცემით, მაია სანდუმ მიიღო ხმების 55.36%
მისმა კონკურენტმა, ალექსანდ სტოიანგლომ კი – 44.64%
„მოლდოვა, დღეს გამარჯვებული ხარ. ერთად ჩვენ ვაჩვენეთ ძალა ჩვენი ერთობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის ერთგულების.
მადლობა, მოლდოველებო, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. ვიაროთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და მოთმინება. ამაყი ვარ, გემსახუროთ“, – დაწერა მაია სანდუმ.
3 ნოემბერს, არჩევნების დღეს, მოლდოვის ხელმძღვანელობამ არჩევნებში ჩარევის შესახებ განაცხადა და მოსკოვი დაადანაშაულა.
სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დაწერა, რომ ესაა არჩევნების შედეგების დამახინჯების პოტენციური მცდელობა.
მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური და რეფერენდუმი 20 ოქტომბერს ჩატარდა.
რეფერენდუმის შეკითხვა იყო, უჭერენ თუ არა მხარს, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა. დადებითი პასუხი მოლდოველთა 50%-ზე მეტმა გასცა.
არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და ალექსანდრ სტოიანგლო.
სტოიანგლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეა. დოდონმა გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და სწორედ სტოიანგლოს კანდიდატურას დაუჭირა მხარი.