პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ცესკო აჭინურებს მათი მოთხოვნის შესრულებას – ბაზების გახსნას. ეს, მეზვრიშვილის თქმით, ნიშნავს, რომ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
პარტია ცესკოსგან მოითხოვს, გადაეცეს როგორც ელექტრონული საარჩევნო აპარატების კომპანია „სმარტმატკითან” გაფორმებული კონტრაქტი, ისე – გაიხსნას ბაზები, რათა ამომრჩევისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, სად და როდის მისცა ხმა.
მოთხოვნით, დაავალდებულოს ცესკო, შეასრულოს მათი ეს მოთხოვნა, პარტიამ სასამართლოსაც მიმართა.
„ცესკოს თავმჯდომარე ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, თითქოს ინფორმაციის გამჟღავნების უფლება არ აქვთ.
სინამდვილეში ცესკოს ამ ინფორმაციის შენახვის წესის და ვადის განსაზღვრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ავალდებულებს.
კონკრეტულ ოფიციალურ მიმართვაზე, კონკრეტული პასუხის არარსებობა ნიშნავს იმას, რომ ცესკოს თავმჯდომარე პირდაპირ არის ჩართული მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამ დანაშაულს ხელს უწყობს სასამართლოც, რომელსაც ამ დრომდე არ მიუღია გადაუდებელი გადაწყვეტილება. ნათელია, თუ როგორ სისტემურად იმუშავა ცესკომ, სუსმა, პროკურატურამ და სასამართლომ ჯერ არჩევნების გასაყალბებლად და როგორ მუშაობს ახლა კვალის დასაფარად.
ასეთი გაჭიანურების შემდეგ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიმართ ნდობა, ბუნებრივია, ვეღარ იარსებებს”. – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.