„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეები პარტიაში მრავლად არიან.
დეპუტატმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ქართული ოცნების“ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.
„მე დავსვი საკითხი ნათლად, არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია. არ წარმოუდგენია იმ უმრავსლეობასაც, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა დათვლა აქ, ამის დათვლა მოხდება პარლამენტში“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ კანონპროექტს განიხილავდნენ. პარლამენტმა უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური კანონპროექტი კენჭისყრაზე არ დააყენა. კანონპროექტის განხილვა დღეს გაგრძელდება. პლენარული სხდომა 12 საათზე განახლდება.