მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 55,33% მიიღო. მაია სანდუს მხარი 929 964-მა ამომრჩეველმა დაუჭირა.
მისმა კონკურენტმა, ალექსანდ სტოიანგლომ კი – 44,67% (750 644 ხმა).
„მოლდოვა, დღეს გამარჯვებული ხარ. ერთად ჩვენ ვაჩვენეთ ძალა ჩვენი ერთობის, დემოკრატიისა და ღირსეული მომავლის ერთგულების.
მადლობა, მოლდოველებო, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ. ვიაროთ სიამაყით – თქვენ ხართ თავისუფლება, იმედი და მოთმინება. ამაყი ვარ, გემსახუროთ“, – დაწერა მაია სანდუმ.
სანდუს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა სტანისლავ სეკრიეუმ განაცხადა, რომ მეორე ტური რუსეთის უპრეცედენტო ჩარევის ფონზე წარიმართა – პრორუსულმა ძალებმა მოახდინეს ამომრჩევლის მობილიზება.
მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა საზღვარგარეთ არსებულ უბნებზე ხმის მიცემის პროცესის საბოტაჟს – შედიოდა ზარები, რომ უბანზე ბომბია, რის გამოც პროცესი რამდენიმე ქვეყნის უბანზე შეწყდა. მისივე თქმით, ხორციელდებოდა კიბერთავდასხმები.
მიუხედავად ამისა, მაია სანდუმ არჩევნებში გამარჯვება შეძლო.
„შენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა”. – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
მაია სანდუს გამარჯვება მსოფლიო ლიდერებმა მიულოცეს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გუშინ ჩატარდა, ხოლო პირველი ტური და რეფერენდუმი 20 ოქტომბერს.
რეფერენდუმის შეკითხვა იყო, უჭერენ თუ არა მხარს, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა. დადებითი პასუხი მოლდოველთა 50%-ზე მეტმა გასცა.
არჩევნების მეორე ტურში გადავიდნენ პროევროპელი მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ და ალექსანდრ სტოიანგლო.
სტოიანგლო მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი იგორ დოდონის პროტეჟეა. დოდონმა გადაწყვიტა, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო და სწორედ სტოიანგლოს კანდიდატურას დაუჭირა მხარი.