თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა საიას სარჩელი ელექტრონული უბნების ბათილობაზე

პუბლიკა

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა.

სარჩელით, საია მოითხოვდა წალკის და თეთრიწყაროს ყველა ელექტრონული უბნის ბათილად ცნობას, რადგან ამ უბენბზე დარღვეული იყო ხმის ფარულობა.

საუბარია 30 ელექტრონული უბნის შედეგებზე.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაბათილდა წალკისა და თეთრიწყაროს ოქლებში შემავალი ყველა ელექტრონული უბნის შედეგები.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მოსამართლემ სასამართლო დარბაზში ჩაატარა ექსპერიმენტი. მან მოითხოვა ხმის მთვლელი აპარატი, ბიულეტენი, მარკერი და ჩარჩო კონვერტი, სხდომაზე ჩატარდა ტექნიკური შემოწმება და დადგინდა, რომ ბიულეტენების აპარატში მოთავსებისას, უკანა მხარეს გაკეთებული არჩევანი ხილვადია.

„დღეს ჩვენ განვიხილეთ საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ფარულობასთან დაკავშირებით და სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე ჩატარებული მტკიცებულებების გამოკვლევით, ამ საარჩევნო აპარატით, ხმის დამთვლელი აპარატით, ამ საარჩევნო ბიულეტენით, ამ საარჩევნო ჩარჩო კონვერტით, ხმის დაცულობის და ხმის ფარულობის გარანტია ამომრჩეველს არ ჰქონდა. აქ ლაპარაკია გარანტიაზე. რაც შეეხება წალკის საოლქო კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ იყო დარღვევები, იყო უმძიმესი დარღვევები რომელიც არის საჩივრის არ გატარება შესაბამისი წესით, ასევე დადასტურებული იქნა, რომ იყო გარკვეული სახის მანიპულაციები, ორი პირის შესვლა უბანზე, გარკვეული ხელის შეშლა დამკვირვებლებზე, სასამართლოს ცალსახად მიაჩნია, რომ ამგვარი დამოკიდებულება საარჩევნო პროცესზე არ არის თავისუფალი და შესაბამისად ეს ყველა შედეგები უნდა იქნეს ბათილად ცნობილი“, – განაცხადა მან.

მოსამართლემ აღნიშნა, რომ სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.

„აქვე მინდა აღვნიშნო ყველა მხარის და მითუმეტეს ყველა დარბაზში მყოფის საყურადღებოდ, მით უფრო პოლიტიკური სუბიექტების საყურადღებოდ, სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა, რომ მთელი რიგი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მთელი რიგი პოლიტიკური სუბიექტები, არ ემსახურებიან იმ მიზანს, რომ მოხდეს ქართველი ხალხის ნების აღსრულება. მხარემ, სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომელიც არ ესწრება დღეს სასამართლო სხდომას, წარმოაჩინა, რომ მან თავი შეიკავა, ან მისმა ორგანიზაციამ, თავი შეიკავა გარკვეული მტკიცებულებების წარმოდგენაზე საპროცესო კანონით დადგენილი წესით, ასევე გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სასამართლოს შესაბამისი პატივისცემა საჯარო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, დღევანდელ სასამართლოო სხდომას არ ესწრება არც ერთი მესამე პირი, რომლებიც ჩართული იყვნენ საოლქო კომისიებიდან, როგორც მხარემ აღნიშნა, თურმე უფრო მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ თურმე განსახილველი ამ საუბნო კომისიის წევრებს, რაც სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია.

პოლიტიკურ სუბიქტებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს, აქაც შენიშნა სასამართლომ, რომ ძალიან ბევრი არ იყო გულწრფელი და ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური სუბიექტები ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებდნენ საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვის. როცა სხვა მასალები, საქმის მასალები და სასამართლო სხდომაზე გაჟღერებული განმარტებები სხვაგვარ ინტერპრეტაციას იძლეოდა“, – თქვა მოსამართლემ.

საიას შეფასებით, ეს ახალ პრეცედენტს ქმნის ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლების დაცვის მიმართულებით.

„სასამართლოს მიერ შემთხვევითი შერჩევით შემოწმდა წალკისა და თეთრიწყაროს ოლქში რამდენიმე უბნის ბიულეტენი, სადაც დადასტურდა, რომ ბიულეტენების უკანა მხარეს მარკერის კვალი ხილვადია, რაც არღვევს ხმის ფარულობის უფლებას. მოსამართლემ, რომელიც თავად ჩაატრა შემოწმების პროცესი, დააფიქსირა ხმის მთვლელ აპარატში ბიულეტენის მოთავსებისას ფარულობის დარღვევის აშკარა ფაქტი“, – აცხადებს საია.

ეს საიას 24 სარჩელიდან ერთადერთია, რომელიც დაკმაყოფილდა. ჯამში, საია ყველა ელექტრონული უბნის, ანუ 2263 უბნის შედეგების გაბათილებას მოითხოვს.

შესაძლებელია, პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრდეს.

„ახლა ყველანი უნდა მივიდეთ სააპელაციო სასამართლოებთან და მოვითხოვოთ ყველა ელქტრონული უბნის გახსნა და ბიულეტენების შემოწმება და იმ უბნების გაბათილება, სადაც საჩივრები გვაქვს დაწერილი“, – დაწერა ნინო ლომჯარიამ, ყოფილმა სახალხო დამცველმა.