ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ

პუბლიკა

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდნენ. შეხვედრა, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და როგორც მისი დასრულების შემდეგ ლიდერებმა ისაუბრეს, ერთ-ერთი საკითხი იყო არჩევნების საერთაშორისო გამოძიება.

„ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ელჩთან განიხილეს ის მტკიცებულებები, რომლებსაც ამ ეტაპისთვის ოპოზიცია ფლობს.

„ეს იყო საუბარი ძალიან სასარგებლო, ძალიან ინფორმაციული ევროკავშირის წარმომადგენლების ხელმძღვანელთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორ ვაფასებთ 26 ოქტომბრის არჩევნებს, რა არის დღეისთვის მოპოვებული, რა მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებს, რომ ეს საარჩევნო პროცესი იქნა მიტაცებული „ქართული ოცნების მიერ”. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს ამ მოცემულ მომენტში ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან, როგორც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, შეხვედრაზე ისაუბრეს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატარონ საერთაშორისო აქტორებმა, მათ შორის ევროკავშირიდან.

„განხილვის ერთ-ერთი საგანი იყო სწორედ საერთაშორისო გამოძიების საკითხი, იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, საქართველოს პროკურატურის პირობებში შეუძლებელია დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, რადგან სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი, გარდა საპრეზიდენტო ინსტიტუტისა, არის მიტაცებული და ივანიშვილის ტოტალურ კონტროლ ქვეშ, ამიტომ გამოძიება შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო აქტორების ჩართულობით.

ამ შემთხვევაში, ყველაზე მიზანშეწონილია ევროკავშირის ჩართულობა, რადგან საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა და იმისთვის, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება მოლაპარაკებების გახსნაზე, უვიზო მიმოსვლის გაუქმება/არ გაუქმებაზე, ინდივიდუალური, პერსონალური სანქციებთან დაკავშირებით, აუცილებელია, მათ შორის ევროკავშირისთვის, რომ ჰქონდეს 100%-იანი სანდოობა. დიახ, ეს არჩევნები გაყალბდა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.