ორი ოპოზიციური კოალიცია, რომლებსაც, ცესკოს შედეგების თანახმად, საპარლამენტო მანდატები ერგება, ცესკოში სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ ცესკოს მიმართავენ, „არ გატარდეს სია რეგისტრაციაში და უფლებამოსილების საკითხი არ გადასცეს პარლამენტს განსახილველადაც კი“.
ნიკა გვარამიამ წაიკითხა კოალიციის განცხადების ტექსტი, რომელსაც სიის ყველა წევრი ხელს მოაწერს და ცესკოში გაიგზავნება. მასში ნათქვამია:
„მოგმართავთ განცხადებით, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარმაია-მელია-გირჩი-დროა“ – N4 პარტიული სიის წევრი […] არ გამატაროთ რეგისტრაციაში, როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ“.
გვარამიასვე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული განცხადება სამართლებრივად სრულიად გამართულია, ცესკომ და პარლამენტმა შეიძლება უკანონო გადაწყვეტილებები მიიღოს.
„რამდენჯერაც საჭირო იქნება, სიის 82-ვე წევრი ხელს მოაწერს უარს“, – თქვა გვარამია.
თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა:
„გვინდა, ინდივიდულური წერილით მივმართოთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რათა „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ სახელით არცერთი კანდიდატი არ გატარდეს რეგისტრაციაში. ჩვენი უფლებამოსულების საკითხი ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ გადასცეს საქართველს პარლამენტს განსახილველადაც კი.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, პარტული სიის წევრს, მათ შორის, პარლამენტში არჩეულ პირს, უფლება აქვს, უარი თქვას საჯარო თანამდებობის დაკავებაზე, სახელმწიფო თანამდებობას პირი იკავებს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობით. კონსტიტუციის მითითებული ნორმა გამორიცხავს საჯარო თანამდებობის დაკავებისთვის რაიმე ფორმის იძულებას“.
კონსტიტუციის გარდა, თინა ბოკუჩავამ აქცენტი გააკეთა საარჩევნო კოდექსის 131-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგისტრაციასა და დროებითი მანდატის გაცემაზე.
„ჩვენი თავისუფალი ნების გამოხატვაა ის წერილები, რომელსაც ჩვენ ვაგზავნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ვითხოვთ, რომ არცერთ ჩვენგანზე, არცერთ პირზე, რომელიც ფიგურირებდა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო საარჩევნო სიაში, არ მოხდეს დროებითი მანდატის გაცემა, ჩვენ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში და შესაბამისად, პარლამენტს არ გადაეგზავნოს ჩვენი სახელი და გვარები ჩვენი უფლებამოსილების ცნობის მიზნით”.