აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტება დაიწყო.
მან თავდაცვის მდივნად Fox News-ის წამყვანი და მისი ღია მხარდამჭერი პიტ ჰეგსეთი დანიშნა.
ჰეგსეთი ყოფილი სამხედროა და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა როგორც საერთაშორისო მედიები წერენ, მას არ აქვს მრავალწლიანი სტრატეგიული გამოცდილება, რომელსაც პრეზიდენტები ჩვეულებრივ ეძებენ, როდესაც ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალის მართვის პასუხისმგებლობას ანდობენ.
რაც შეეხება შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას, მან აქ სამხრეთ დაკოტას გუბერნატორი, კრისტი ნოემი წარადგინა. CNN-ის ცნობით, მას პირდაპირი გამოცდილება არ აქვს ანტიტერორისტული, კიბერუსაფრთხოების, საბაჟო ან საზღვრის კონტროლის მიმართულებებში, თუმცა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ტრამპის „ამერიკის დიდებულების დაბრუნების“ მოძრაობაში.
ტრამპის გუნდს ოფიციალურად შეუერთდება Tesla-სა და SpaceX-ის დირექტორი და პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი. შეიქმნება ახალი „სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის დეპარტამენტი“, რომელიც დროებითია და მისი ამოცანაა რეგულაციების შემცირება – მას ილონ მასკთან ერთად ვივიეკ რამასვამი უხელმძღვანელებს.
ამასთან, ტრამპმა ჯონ რეტკლიფი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორად დანიშნა. CNN-ის წყაროების მიხედვით, რეტკლიფი მთავარი პროკურორის პოტენციურ კანდიდატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი პიროვნება იყო.
ტეხასის ყოფილი წარმომადგენელი ჯონ რეტკლიფი 2020 წლიდან 2021 წლამდე ტრამპის პირველი ვადის დროს ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. მისი დანიშვნა კრიტიკოსებისთვის მნიშვნელოვან არგუმენტად იქცა – ისინი ამბობდნენ, რომ ტრამპი დაზვერვას თავისი პოლიტიკური გავლენებისთვის იყენებდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობა ფლორიდელ კონგრესმენს, მაიკ უოლცს შესთავაზა.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი პრეზიდენტს აშშ-ისთვის არსებულ სხვადასხვა საფრთხეზე უწევს კონსულტაციას. უოლცს, სავარაუდოდ, მოუწევს აშშ-ის პოზიციის განსაზღვრაში მონაწილეობა ისრაელსა და უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით.
საერთაშორისო მედიების ცნობით, სახელმწიფო მდივნის კანდიდატად სენატორი მარკო რუბიო განიხილება.